ჯონ კერი - დოლარი ძალას დაკარგავს, თუ აშშ ირანთან მიღწეულ შეთანხმებაზე უარს იტყვის

თუ აშშ ირანთან მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას არ შეასრულებს და მოკავშირეებს ირანისთვის დაწესებული სანქციების შენარჩუნებას მოსთხოვს, ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დოლარის, როგორც მსოფლიოს სარეზერვო ვალუტის პოზიციას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა.

"თუ ჩვენ უარს ვიტყვით შეთანხმებაზე, მერე კი მოკავშირეებს ვეტყვით: "თქვენ მაინც უნდა დაიცვათ ჩვენი წესები და სანქციები", ეს ძალიან მალე მიიყვანს ამერიკულ დოლარს მსოფლიოს სარეზერვო ვალუტის სტატუსის დაკარგვამდე", - აღნიშნა ჯონ კერიმ. მისივე თქმით, თუ აშშ უარს იტყვის ირანთან მიღწეულ შეთანხმებაზე, ამით შესაძლოა, ამერიკამ მსოფლიო არენაზე ფინანასური და პოლიტიკური გავლენა დაკარგოს. "ეს არ მოხდება ერთ ღამეში, მაგრამ ბევრი ქვეყანა შეიტანს ეჭვს მიმდინარე საერთაშორისო ფინანსურ შეთანხმებებში", - აღნიშნა ჯონ კერიმ ნიუ-იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას.

14 ივლისს ვენაში "ექვსეულსა" და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ირანი შეაჩერებს ბირთვულ პროგრამას და ნებას დართავს საერთაშორისო ინსპექტორებს, შევიდნენ მის ბირთვულ ობიექტებზე. თუ ირანი შეთანხმებით მიღწეულ პირობებს შეასრულებს, სანაცვლოდ მის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციები გაუქმდება.

შეთანხმების მიხედვით, ირანი 10 წლის განმავლობაში შეაჩერებს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას, ასევე, 15 წელი არ ექნება წვდომა ბირთვულ საწვავსა და აღჭურვილობაზე.