შვეიცარია ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აუქმებს

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ ირანისთვის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ფედერალური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დღეიდან შვეიცარია სანქციებს მოუხსნის ირანულ კომპანიებს, ასევე ცალკეულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებით, საბჭო მიესალმება "ექვსეულსა" და ირანს შორის ვენაში, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას.

როგორც საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, შეთანხმება კარს უხსნის ირანთან ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პერსპექტივებს, ორმხრივი ურთიერთობების ჩათვლით. "2015 წლის 12 აგვისტოს ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს ირანისთვის დაწესებული სანქციები, რომელიც ირანის სახელმწიფო უწყებებთან ძვირფასი ლითონით ვაჭრობას კრძალავდა. გარდა ამისა, უქმდება მოთხოვნა ირანის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობისა და ტრანსპორტირების რეპორტინგთან დაკავშირებით", - ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებაში.

ირანიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში 2014 წლის 30 იანვრიდან იყო. შვეიცარია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ვენაში მიღწეული შეთანხმების მხარდასაჭერის მიზნით, ირანისთვის დაწესებული სანქციები გააუქმა. 14 ივლისს ვენაში "ექვსეულსა" და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ირანი შეაჩერებს ბირთვულ პროგრამას და ნებას დართავს საერთაშორისო ინსპექტორებს, შევიდნენ მის ბირთვულ ობიექტებზე. თუ ირანი შეთანხმებით მიღწეულ პირობებს შეასრულებს, სანაცვლოდ მის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციები გაუქმდება. შეთანხმების მიხედვით, ირანი 10 წლის განმავლობაში შეაჩერებს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას, ასევე, 15 წელი არ ექნება წვდომა ბირთვულ საწვავსა და აღჭურვილობაზე.