სემეკში "თელასის" ტარიფთან დაკავშირებით მორიგი წინასწარი განხილვა გაიმართა

სემეკში "თელასის" ტარიფთან დაკავშირებით მორიგი წინასწარი განხილვა გაიმართა.

განხილვაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ "თელასის " კაპიტალური დანახარჯების შესახებ სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გამართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, კომპანია "თელასის" წარმომადგენელმა მიშა ანთაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგულირებადი აქტივების ბაზას. "ეს არის სემეკის პოზიცია, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენი კომპანია თავის მოსაზრებებს დამატებით წარმოადგენს 31 აგვისტომდე", - განაცხადა მიშა ანთაძემ.

მისივე თქმით, ეს არის ერთობლივი მუშა პროცესი და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის სემეკის წინასწარი მონაცემებით გაანგარიშებულ სავარაუდო ციფრს, რომლის თანახმადაც, კომისიამ "თელასს" კაპიტალური დანახარჯების ოდენობად 36 მილიონ ლარზე მეტი განუსაზღვრა, მიშა ანთაძემ აღნიშნა, რომ ეს არის სავარაუდო ციფრი, რომელიც კიდევ დაზუსტდება. "სამუშაო ვერსიაა და ამ ვერსიაზე ვმუშაობთ", - აღნიშნა ანთაძემ.

სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა გივი სანიკიძემ. "ჩვენ ავიღეთ აუდიტორის მიერ დადასტურებული ღირებულება, რომელიც შეადგენს 80 მილიონ ლარს. ვითვალისწინებთ ფაქტობრივად განხორციელებულ ინვესტიციებს და აღნიშნული აქტივების ღირებულება ყოველწლიურად მცირდება მათზე დარიცხული ცვეთის ოდენობით. შესაბამისად, ეს ციფრები საჯარო სხდომაზე გაჟღერდა. გასაგებია, რომ შეიძლება "თელასი" არ ეთანხმებოდეს ამ გაანგარიშებას, ეს არის წინასწარი გაანგარიშება. მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება და ბუნებრივია, საჯარო სხდომებზე ტარიფის განხილვისას ეს დეტალები იქნება დაზუსტებული", - განაცხადა გივი სანიკიძემ.

"თელასის" ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით, სემეკს მაქსიმალური ვადა 2015 წლის 18 დეკემბრამდე აქვს. მანამდე კი კომისიაში ტარიფის შემადგენელ თითოეულ კომპონენტთან დაკავშირებით საჯარო განხილვები იმართება.