სოფელ ოკამთან სახნავ-სათესი ფართობი იწვის

კასპის რაიონის სოფელ ოკამთან სახნავ-სათეს ფართობზე თივას ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის დაახლოებით 40 ჰექტარი ფართობი იწვის. ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლის გუბერნატორი და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები.

"ჯერჯერობით დაუდგენელია, რამ გამოიწვია ხანძარი. ცეცხლის კერები დაახლოებით 40 ჰექტარზეა გაშლილი. შიდა ქართლის სახანძრო სამსახურების გარდა, ხანძრის ლოკალიზებას მცხეთა-მთიანეთიდან და თბილისიდან ჩამოსული მეხანძრეები ცდილობენ. საბედნიეროდ, ხორბლისა და ქერის მოსავალი უკვე აღებული იყო, შესაბამისად, ამ მხრივ ზარალი არ არის. ხანძრის კერის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ ადგილობრივ მოსახლეს 0,4 ჰექტარზე ვენახი ჰქონდა გაშენებული. აქ გვაქვს გარკვეული ზიანი, თუმცა ზარალის ოდენობა ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ დადგინდება", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა.

ხანძრის რამდენიმე კერა ამ დროისთვის ლოკალიზებულია, თუმცა მეხანძრეები ცეცხლის საბოლოოდ ლიკვიდაციისთვის აგრძელებენ მუშაობას.