"ტარიფების ზრდას ცხოვრების გაძვირებაც მოჰყვება"

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, მოსალოდნელია, რომ ტარიფი თბილისშიც გაძვირდეს, რადგან სემეკს ტარიფის კორექტირების მოთხოვნით "თელასმაც" მიმართა.

1-ლი აგვისტოდან ჩვენი ქვეყნის რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფი 3,95 თეთრით გაიზარდა. მოიმატა სამივე სახის ტარიფმა: სოციალური ანუ 7-თეთრიანი ტარიფი 11 თეთრი გახდა, 11-თეთრიანი - 15, ხოლო - 15-თეთრიანი ტარიფი - 19 თეთრი. პრემიერ-მინისტრის თქმით, გაძვირება ჯერჯერობით მხოლოდ რეგიონების მოსახლეობას შეეხება, თუმცა, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, მოსალოდნელია, რომ ტარიფი თბილისშიც გაძვირდეს, რადგან სემეკს ტარიფის კორექტირების მოთხოვნით "თელასმაც" მიმართა. "თელასის" განაცხადზე გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 2015 წლის 18 დეკემბერი განისაზღვრა.

სხვათა შორის, დენის ტარიფის გაზრდას ჯერჯერობით კახეთი "გადაურჩა", რომელსაც დენით "ენერგო პრო ჯორჯია" კი არა, სხვა კომპანია ამარაგებს.

"კომპანიებმა გამართულად რომ იმუშაონ და ელექტროენერგიის მიწოდება 24-საათიან რეჟიმში მოხერხდეს, სწორედ ამის გამო მივიღეთ გაძვირების გადაწყვეტილება", - აცხადებენ ენერგოსექტორის წარმომადგენლები. რამდენად სამართლიანია დენის ტარიფის გაზრდა და ხომ არ მოჰყვება ამას ცხოვრების გაძვირება? - ეს შეკითხვა ქართველ ექსპერტებსა და ენერგეტიკოსებს დავუსვით:

რეზო არველაძე, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი:

"რასაკვირველია, ელექტროენერგიის გაძვირება ყველაფერზე იმოქმედებს, მაგრამ სულ სხვა საკითხია, რამდენად სამართლიანად მოხდა ტარიფის გაზრდა: საქმე ის გახლავთ, რომ თბოელექტროსადგურები, რომლებიც მუშაობენ ბუნებრივ აირზე და ელექტროენერგიას ამ გზით გამოიმუშავებენ, აირს უცხოური ვალუტით ყიდულობენ. ლარის კურსი დაეცა, ამიტომ, წელს მათ იმავე რაოდენობის ბუნებრივი აირის საყიდლად უფრო მეტი ლარი სჭირდებათ, ვიდრე შარშან სჭირდებოდათ. დავუშვათ, შარშან 1 კუბმეტრი ბუნებრივი აირი 1,75 ლარი ღირდა, ახლა ის 2,25 ლარი ღირს. აქედან გამომდინარე, თუ კომპანიამ ელექტროენერგია უფრო ძვირად არ გაყიდა, გაჩერება მოუწევს. იგივე შეიძლება ითქვას იმპორტით ნაყიდ ელექტროენერგიაზე, რომელიც "ენერგო პროს" შემოაქვს - ყიდულობს დოლარში და ყიდის ლარში. ეს და სხვა ფაქტორები აუცილებლად მოქმედებს ენერგოკომპანიაზე და ის იძულებული ხდება, ტარიფი გაზარდოს - ამგვარ სურათს მივიღებთ მაშინ, თუ ჩავთვლით, რომ ძველი ტარიფი სწორი იყო. ამავე დროს, "ენერგო პრო ჯორჯიას" ჰქონდა რეზერვი, რომ ტარიფი ამდენად არ გაზრდილიყო. თუ რაიმე რეზერვი არსებობს, გაძვირებამდე მარეგულირებელმა კომისიამაც უნდა გამოძებნოს და ენერგეტიკის სამინისტრომაც. ყველამ ვნახეთ, რა ამბები ატყდა სომხეთში დენის გაძვირების გამო. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი სახელმწიფო ამ სფეროს სუბსიდირებას ამჯობინებს. ასეთი ქვეყნებია, მაგალითად: ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, შუა აზიის ქვეყნები, სადაც ელექტროენერგიის ტარიფი ძალიან დაბალია. საერთოდ, სუბსიდირება იძულებითი ღონისძიებაა, მაგრამ საქართველოში ეს იმდენადაა საჭირო, რამდენადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია. ჩვენთან სუბსიდირება მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს შეეხო, რომელმაც 70 ათას ქულაზე მეტი ვერ მოაგროვა მაშინ, როცა სოციალურად დაუცველთა რიცხვი გაცილებით მეტია. გამოდის, რომ მოსახლეობის 80-მა პროცენტმა თავი დაჩაგრულად უნდა იგრძნოს. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ რესურსები, რომლებიც გვაქვს. "

ვაჟა ბერიძე, ეკონომიკის ექსპერტი: "ელექტროენერგიის გაძვირება ძალიან მგრძნობიარე თემაა, რადგან ეს ყოველთვის იწვევს ისეთი პროდუქტის გაძვირებას, როგორიცაა მაგალითად, პური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა პროდუქტი. ასეთი ჯაჭვური რეაქცია  სავსებით ბუნებრივია და უნდა ველოდოთ, რომ ზოგიერთ პროდუქტზე ფასი მართლაც გაიზრდება. თუნდაც ამიტომ, ამ სფეროში ყველაფერს გონივრული აწონ-დაწონა და გააზრება სჭირდება. ტარიფების გაზრდა ნებისმიერი ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა და მთავრობა უნდა ეცადოს, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ტარიფის მომატება ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარდაუვალი იყო, უფრო მეტიც - ამას შექმნილი რეა¬ლობა მოითხოვდა. სხვა საკითხია, რამდენად შეესაბამება ეს ამბავი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებებს. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გარკვეული მოცულობით ტარიფი მართლაც შემცირდა, მაგრამ გავიდა ხანი და ჩვენ უკვე იძულებული ვხდებით, მომატებულ ტარიფებს შევეგუოთ. არსებობს რეალობა, რომელსაც ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოს და ამ რეალობის წინააღმდეგ წასვლას ხელისუფლება ვერ შეძლებს. ახლა სწორედ ასეთი, არასასურველი რეალობა დადგა: ტარიფმა რეგიონებში უკვე მოიმატა და "თელასმაც" წარადგინა განაცხადი ტარიფის გაზრდაზე, თანაც, "ენერგო პროც" კმაყოფილი არ არის იმ დონით, რომლითაც რეგიონებში ტარიფი გაიზარდა. ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც სავარაუდოდ, მოიმატებს. რატომ? - საამისო არგუმენტები ხელისუფლებამ უკვე წარმოადგინა, თუმცა, საზოგადოებას სრული უფლება აქვს, მოითხოვოს დენის ტარიფის შემადგენელი კომპონენტების გამომზეურება. სამწუხაროა, რომ ამ კომპონენტებს მალავენ და კომერციულ საიდუმლოებად აქვთ გამოცხადებული. ცნობილია, რომ სხვადასხვა ვალდებულება, რომლებიც ხელისუფლებას წინა წლებში ჰქონდა ნაკისრი, ტარიფში ჩაიდო და ჩვენ არ ვიცით, დამთავრდა თუ არა ხალხის ჯიბიდან იმ ფულის ამოღება, რომელიც თავის დროზე კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა შეჭამეს. ჩემი აზრით, ტარიფის სტრუქტურა საჯაროდ უნდა გაცხადდეს. ამით საზოგადოება დაინახავს, რამდენად რეალურია დღევანდელი ტარიფები ან ხომ არ არის ეს ენერგომაფიის გავლენით მიღებული შედეგი? ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ, რადგან წლების განმავლობაში ტარიფის კომპონენტები დაფარულია და ბევრი რამ არის გასაიდუმლოებული კომერციული საიდუმლოს ნიღბის მიღმა. გარდა ამისა, ჩვენი ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ნაწილია და იქ მიწოდებული ელექტროენერგიის ტარიფსაც იხდის, ოღონდ ჩვენ არ ვიცით, რა მოცულობაა ეს. გასაგებია, რომ ელექტროენერგიას სჭირდება გამომუშავება, ტრანსპორტირება და მომხმარებლამდე მიტანა, მაგრამ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს გაძვირება არ არის ახირება ან რომელიღაც მაფიოზური კლანის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომ ეს ობიექტური რეალობაა. მაშინ შეკითხვები აღარ გაუჩნდებათ. უნდა ვაღიაროთ, რომ მთავრობა იძულებულია გარკვეული ფორმით ტარიფის სუბსიდირება მოახდინოს, მაგრამ ეს დაძაბულობას ვერ აგვარიდებს იმდენად, რამდენადაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარს ან უფრო მეტს ისევე გაუჭირდება გაძვირებული დენის საფასურის გადახდა, როგორც 70 ათასი ქულის ქვემოთ მყოფს. ამიტომ, მე დასაშვებად მივიჩნევ სოციალურად დაუცველის ცნება 70 ათასზე მეტი ქულის მქონე ოჯახებზეც გაგვევრცელებინა, ვინაიდან ასეთი საქართველოში უფრო მეტია."

იხილეთ გაგრძელება