ბორჯომში დამსვენებელთა სიმცირეს უჩივიან

"ქართველებისგან განსხვავებით, შედარებით ბევრი დამსვენებელი გვყავს აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან"

საქართველოს დანარჩენი საკურორტო ადგილების მსგავსად, წელს სეზონური კრიზისი ბორჯომსაც შეეხო. მინერალური წყლებითა და წიწვნარით განთქმული ბორჯომის ხეობა წელს ტურისტების სიმცირეს უჩივის. თავის მხრივ, დამსვენებლები კატასტროფულ ფასებსა და მომსახურების დაბალ დონეზე ჩივიან. პარალელურად, დამსვენებლების მისაზიდად საკურორტო ზონაში ახალი-ახალი სასტუმროების მშენებლობა თუ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. რაც შეეხება მაღალ ფასებს, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასებს ბაზარი დაარეგულირებს, მანამდე კი დამსვენებელს არჩევანის უფლება აქვს - დაისვენოს ბორჯომში ან შემოთავაზებულ ფასში სხვა კურორტს ეწვიოს.

პროდუქტებსა თუ მომსახურების სფეროში მაღალი ფასები განსაკუთრებით თვალშისაცემია ბორჯომის ცენტრალურ პარკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

წელს სიახლეა იმ მხრივ, რომ პარკში შესვლა სპეციალური ელექტრონული ბარათების მეშვეობითაა შესაძლებელი. იგივე პრინციპი მოქმედებს საბავშვო საქანელებზეც. ფასები რომ მართლაც უსაშველოდ მაღალია, ამაში თავად დავრწმუნდით. დავიწყოთ საბაგიროთი, რომელიც ბორჯომის პარკსა და პლატოს, ე.წ. სადგერს აკავშირებს. საბაგიროთი ერთჯერადი მგზავრობა 3 ლარი ღირს, უკან დაბრუნების სანაცვლოდაც მომხმარებელს 3 ლარის გადახდა უწევს. ეს მაშინ, როცა შარშან მგზავრობის ღირებულება ორივე გზაზე 3 ლარი იყო. საბავშვო ატრაქციონების ფასი 3-დან 5 ლარამდე მერყეობს.

თავის მხრივ, ტურისტების ნაკადის სიმცირეს უჩივიან ადგილობრივებიც. განსაკუთრებით მათ გაუჭირდათ, ვისაც ბინა პარკისგან მოშორებით აქვს.

დამსვენებლების უმრავლესობა ბინის დაქირავებას, მაღალი ფასის მიუხედავად, მაინც პარკთან ახლოს არჩევს, სხვა შემთხვევაში კი ლიკანში დაბინავებას ამჯობინებენ, სადაც ფასები მეტ-ნაკლებად დაბალანსებულია. ბორჯომის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროში ერთი დღე-ღამის საფასური 50-დან 80 დოლარამდე მერყეობს (გააჩნია კომფორტს, საცხოვრებელ პირობებს) კვების გარეშე. პარკისგან მოშორებით მდებარე კერძო სახლებსა და კორპუსის ბინებში დღიური ქირა 15-დან 25 ლარამდე მერყეობს. ცხადია, აქაც კვების გარეშე.

მარინა ზაალიშვილი, საოჯახო სასტუმროს მენეჯერი:

"ჩვენი სასტუმრო პარკთან ახლოსაა, ფეხით 10 წუთის სავალი გზაა. ამის მიუხედავად, კლიენტების სიმცირე გვაქვს. წინა წლებთან შედარებით, დამსვენებელთა რაოდენობა აშკარად შემცირდა. ადრე საღამოობით პარკში ხალხის ტევა არ იყო. ჩამოსასხდომ ადგილს ვერ იპოვიდით, ახლა ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ნახევარი უკვე გავიდა, დამსვენებლის რაოდენობა არ გაზრდილა. თუმცა ქართველებისგან განსხვავებით, შედარებით ბევრი დამსვენებელი გვყავს აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან".

მანონი დევაძე, კერძო ბინის მეპატრონე:

"ბოლო 2-3 წელია, რაც ბორჯომში დამსვენებლების რაოდენობა შემცირდა. უწინდებურად მრავლად არ არიან. თუმცა, საწუწუნოდ საქმე მაინც არ გვაქვს. მე სახლს ვაქირავებ, ჩემი მუდმივი კლიენტები მყავს, თან გირჩის მურაბებსა და ნაძვის მტვერს, სუვენირებს ვყიდი და დღის ბოლოს ნავაჭრით კმაყოფილი ვარ. ქართველი დამსვენებლები მაღალ ფასებზე წუწუნებენ, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ - ცხოვრება გაძვირდა. ჩვენც ხომ გვინდა არსებობა? ზაფხულში მიღებული შემოსავალი მთელი წლის განმავლობაში უნდა ვიმყოფინოთ".

სალომე გოგოხია