ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვის დაწესებას მძღოლებიც ითხოვენ

„ასაკობრივ ლიმიტთან ერთად ტექდათვალიერებაც თუ ამოქმედდება, ეს მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“

მძღოლების დიდ ნაწილს ძველი ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვის დაწესება სურს, რასაც ვერ ვიტყოდით ტექდათვალიერებაზე. მათი შეფასებით, დღეს ავტოპარკი სავსეა 2000 წელს ქვევით არსებული მანქანებით. ამ სიუხვის გამო მათ სწორად მიაჩნიათ გარკვეული შეზღუდვების ამოქმედება. ამ საკითხზე შედარებით კრიტიკულია ტაქსისტების აზრი. მათი თქმით, ასეთი აკრძალვა მოსახლეობას დამატებით პრობლემებს შეუქმნის.

თბილისში იმპორტირებულ ავტომობილებზე ასაკობრივი ზღვარი დაწესდება. საუბარია 2000 წლამდე არსებულ მანქანებზე. ცნობილია, რომ დედაქალაქში ძველი ავტომობილების შემოყვანა მას შემდეგ აიკრძალება, როდესაც დამუშავდება ტექდათვალიერების ზუსტი პარამეტრები, ტექნოლოგიები - რამდენი უწევს გადასახადი და რა პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს მანქანა, რომ მან მიიღოს ტექდათვალიერების დამადასტურებელი მოწმობა. მძღოლების უმეტესობა მოძველებული ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესების საკითხს დადებითად აფასებს, რასაც ვერ ვიტყვით ტექდათვალიერებაზე.

„თბილისში მართლაც რომ უნდა შეიზღუდოს იმ ავტომობილების რაოდენობა, რომელთა წლოვანება 2000-საც ვერ აღწევს. ეს მოხდება შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებით. ჯერ იმიტომ რომ ქალაქში უკვე გადაადგილება ჭირს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მანქანაა. არ შეიძლება ყველას ავტომობილი ჰყავდეს. ზოგიერთს, რომ შეხედავ, როდის გაძვრება ნაწილები, როდის დაიშლება, არ იცი. დედაქალაქში გაადგილებასთან ერთად უკვე სუნთქვაც ჭირს. კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობაა. ამაში კი ყველაზე დიდი წვლილი ძველ ავტომობილებს მიუძღვით. წარმოიდგინეთ, თბილისში მინიმუმ 500 000 მანქანაა, აქედან უმეტესობა მოძველებულია. საიდან ვიცი ეს სტატისტიკა? გადით თუნდაც ქუჩაში, ამას ბევრი კითხვა არ სჭირდება. ასაკობრივ ლიმიტთან ერთად ტექდათვალიერებაც თუ ამოქმედდება, ეს მნიშნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ამით ჰაერის მდგომარეობაც გაუმჯობესდება, აღარც ქუჩებში გადაადგილება გახდება გაუსაძლისი. ამდენი ავტომობილი რომ არის დედაქალაქში ამით არის გამოწვეული, რომ ჩვენთან ტრანსპორტირების საკითხი ძალიან მძიმედ დგას, ევროპაში საათივით არის აწყობილი და გადაადგილება დისკომფორტს არ წარმოადგენს, რასაც თბილისზე ვერ ვიტყოდი“,- ამბობს ნიკო ჯაფარაშვილი.

თბილისელი თამაზ ცხვარაძე ფიქრობს, რომ დღესდღეობით საქართველოში ავტოპარკი სავსეა ძველი ავტომობილებით. მან ჩვენთან საუბრისას გაიხსენა შარშან ძველ ავტომობილებზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადებები და დასძინა, რომ მთავრობას უნდა ეყოს გამბედაობა, რომ გარკვეული ცვლილებების მისაღებად ნაბიჯები გადადგას, რადგან დღეს საქართველო გადავსებულია ძველი ავტომობილებით. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივას“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებული მონაცემებით, საქართველოში მილიონამდე რეგისტრირებული ავტომობილია, რომელთა უმრავლესობა მეორადია და ექსპლუატაციიის ვადაც ამოწურული აქვს. რესპოდენტების ნაწილი, მათ შორის თამაზ ცხავარაძეც ავტოპარკის განახლებას ითხოვს.

„დღეს ძალიან ბევრი მოძველებული იმპორტირებული ავტომობილის შემოყვანა ხდება. სწორედ ამიტომაცაა, რომ მანქანის შეძენა ძალიან ბევრისთვის გახდა ხელმისაწვდომი. გაივსო დედაქლაქი ავტომბილებით და გაეხვია გამონაბოლქვში. ძველი მანქანის ჩამოყვანის შეზღუდვაზე წლებია მიდის საუბარი, მაგრამ არ გვეღირსა რაიმე რეგულაციების ამოქმედება, არადა ეს ცვლილება ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. ეს ხელს შეუწყობს სხვა სახის პროცესებსაც, რადგან ახალი ავტომობილის შემთხვევაში ხდება საწვავის უფრო სრული წვა, ვიდრე ძველ მანქანაში. აღარაა საჭირო ისევ ძველი ავტომობილების შემატება, აუცილებელია, რომ თბილისის ქუჩები ნელ-ნელა გაიწმინდოს საშიში ძველი ავტომობილებისგან. თუ შეგინიშნავთ, ზოგიერთს ფარიც კი არ უმუშავებს. ქალაქში ისეთ ავტომობილებს ვხედავ, რომ გული მისკდება. მოსიარულე საფრთხეები არიან. მე თუ მკითხავთ, ავტომობილი, რომელსაც ფარიც კი არ უმუშავებს, ის დედექალაქში არ უნდა გადაადგილდებოდეს, საშიშია. სწორედ ამ და სხვა რიგითი მიზეზების გამო ვემხრობი ინიციატივას 2000 წლამდე გადაცილებული ავტომობილების შეზღუდვასთან დაკავშირებით“, - ამბობს თამაზ ცხვარაძე.

ავტომობილებზე შეზღუდვის დაწესებას გიორგი ფურცელაძე ტაქსისტების ახალ თავსატეხად მიიჩნევს. მისი აზრით, შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში ძალიან ბევრი ვერ შეძლებს შეძენას. „რა ქნას იმ ხალხმა, ვინც თავს ტაქსაობით ირჩენს, ან ვინც შემდგომ გადაწყვეტს ამ სახით დასაქმებას. ამ ეკონომიკურ-სოციალურ ფონზე ბევრს არ ექნება საშუალება, ვერ შეიძენს ავტომობილს და დაჯდება სახლში! ფაქტი ერთია, თუკი ეს ცვლილება მოხდება და აღარ შემოვა ე.წ ძველი ავტომობილები, გაიზრდება მანქანების ღირებულება და დროთა განმავლობაში თბილისში ძველი ავტოპარკი სრულად განახლდება. ეს კარგია მათთვის ვისაც საშუალება აქვს, ხოლო ვინც პურის ფულზე დავრბივართ, იმათ რატომ უნდა მოგვეწონოს. ახალი თავსატეხი გაჩნდება ჩვენთვის“,- აღნიშნა გიორგი ფურცელაძემ.

შალვა საკანდელიძეც ოჯახს ტაქსაობით არჩენს. იგი გიორგისგან განსხვავებით ძველ ავტომობილებზე შეზღუდვების დაწესებას ემხრობა. მისი შეფასებით, ეს ბევრი სხვა პრობლემის მოგვარებასაც შეუწყობს ხელს. „ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ეს ადრეც მომისმენია. ვფიქრობ, 2000 წელს ქვემოთ ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესება გარკვეული პერიოდის მერე საცობის პრობლემასაც მოაგვარებს. ძველი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა კარგი ინიციატივაა, განხორციელების შემთხვევაში ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მოძრაობის განსამუხტად. მე არ ვარ წინააღმდეგი. ის, ვინც ტაქსაობს, იმას ეს არ შეეხება, მერე მოხდება შემოყვანაზე აკრძალვა. ისედაც სავსეა დედაქალაქი ძველი ავტოპარკით და ახლა კიდევ დამატება არ არის საჭირო. 8 წელია თავს ტაქსაობით ვირჩენ და წელს რომ საცობებია, ასე არასდროს ყოფილა, ასეთი გადატენილი თბილისი მე არ მახსოვს. ეს ყოველივე კი ჩვენს შემოსავალზე უარყოფითად აისახება. საცობებში მეტი საწვავი გვეხარჯება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა ვთქვა რომ აკრძალვაზე საუბარი ძალიან დროულია“, - ამბობს შალვა საკანდელიძე.

რაც შეეხება სტატისტიკას, ასეთია: 3 წლის წინათ საქართველოს მასშტაბით 806 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ხოლო 2011 წელს მათ რაოდენობა 745 000- ს არ აღემატებოდა. 2012 წლიდან მოყოლებული, ავტომობილების რეგისტრაციამ 8,2%-ით მოიმატა, 2013 წელს კი - 9,1%-ით. რაც შეეხება 2014 წელს, შსს-ს ინფორმაციით, 31 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში სულ რეგისტრირებული იყო 974 246 ავტომობილი, რომელთა 36,8% ირიცხება თბილისში. 2015 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით კი, სულ რეგისტირებულია 1 017 499 ავტომობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ მესამე ადამიანს მანქანა ჰყავს. სპეციალისტები ამ მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებენ და ხელისუფლებას სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ.

მარიამ აფციაური

წყარო: გაზეთი „რეზონანსი“