რუსი კლიენტების ხელშეწყობისთვის "დოიჩე ბანკი" შესაძლოა, 4 მილიარდი დოლარით დაჯარიმდეს

უმსხვილესი გერმანული ბანკი Deutsche Bank შესაძლოა 4 მილიარდი დოლარით დაჯარიმდეს რუსეთში ფულის გათეთრების ხელშეწყობისა და აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დარღვევისთვის.

გერმანული გამოცემა „შპიგელის“ ინფორმაციით, „დოიჩე ბანკის“ წინააღმდეგ საქმეს ოთხი ქვეყნის უწყება იძიებს, მათ შორის აშშ და დიდი ბრიტანეთი. გამოცემის ცნობით, მხოლოდ დიდი ბრიტანეთისთვის შესაძლოა გერმანულ ბანკს ასობით მილიონი ევროს გადახდა მოუწიოს.

რამდენიმე დღის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი იძიებს საქმეს „დოიჩე ბანკის“ წინააღმდეგ. ამერიკული მხარის ცნობით, ე.წ. „სარკის გარიგებების“ მეშვეობით, გერმანული ბანკის რუსმა კლიენტებმა მილიარდობით თანხის გადარიცხვა მოახერხეს მოსკოვიდან ლონდონში ისე, რომ ამის შესახებ რუსეთის რეგულატორს საჭირო ინფორმაცია არ მიაწოდეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ტრანზაქციის თანხამ 6 მილიარდი დოლარი შეადგინა და 2011-2015 წლებში განხორციელდა.