ნოდარ ხადური: საქართველომ ყველა ბაზარი, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს

ყველა ბაზარი, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს საქართველომ და ცხადია, რომ რუსეთის, საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების ბაზარი არის ერთ-ერთი საინტერესო ამ თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის კონტრსანქციების დაუწესებლობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის და მთავრობის მეთაურის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა ერთნაირად წარმატებით იმუშაოს ყველა ბაზარზე. "იმუშაოს ევროკავშირის ბაზარზე, რომელთანაც ჩვენ უკვე გვაქვს ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, იმუშაოს ჩინეთის ბაზარზე, რომელზეც ჩვენ ახლა ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს და ასევე დარჩეს იმ ბაზრებზე, სადაც ქართული პროდუქციის ცნობადობა ძალიან მაღალია. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება და ბედნიერება, რომ ვარჩიოთ ბაზარები, სად ვიმუშაოთ და სად - არა. ყველა ბაზარი, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს საქართველომ და ცხადია, რომ რუსეთის, საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების ბაზარი არის ერთ-ერთი საინტერესო ამ თვალსაზრისით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

რუსული მედიის ცნობით, საქართველო რუსეთის კონტრსანქციაში არ მოხვდა, რადგან საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები რუსეთთან მიმართებაში, უმნიშვნელოა. ამის შესახებ რუსეთის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს. "ამ დროისთვის რუსეთსა და საქართველოს არ გააჩნიათ აქტიური ურთიერთობა და დიდი საქონელბრუნვა; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული ზომები რუსეთთან მიმართებაში, უმნიშვნელოა", - ნათქვამია რუსეთის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.  მათივე თქმით, ამის გამო მიღებული იყო გადაწყვეტილება, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში არ შესულიყო, ვის მიმართაც კონტრსანქცია განხორციელდა.