"საქართველოს მელიორაცია" მარნეულის მუნიციპალიტეტში სარწყავი სისტემების რეაბილიტაციას ახორციელებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცია" ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში ცისკრისა და ბაგრატის სარწყავი სისტემების რეაბილიტაციას ახორციელებს.

შპს "საქართველოს მელიორაციის" ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მაგისტრალური არხების I და სხვა რიგის გამანაწილებლების და შიდასამეურნეო ქსელის რეაბილიტაცია ჩატარდება. დაგეგმილია ცისკრის, ბაგრატისა და ბოლო არხების წმენდა, დაზიანებული მოპირკეთების დემონტაჟი, ახალი მოპირკეთების მოწყობა მონოლითური რკინაბეტონით; არსებული მილხიდების შეკეთება და ახალი მილხიდების მოწყობა; ტიპიური წყალგამშვები კვანძების მოწყობა.

"რეაბილიტაციის შედეგად 4 სოფლის (ყაჩაღანი, კასუნლო, ულაშლო, აღმამედლუ) 820 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი გასარწყავდება, რითაც 450 მოსახლე ისარგებლებს. პროექტის ღირებულება 3464000 ლარია. სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და 2015 წლის ბოლოს დასრულდება", - ნათქვამია განცხადებაში.

"საქართველოს მელიორაცია" დღეის მდგომარეობით, რწყვის სეზონის პარალელურად, ქვემო ქართლის რეგიონში 7 ობიექტზე სარეაბილიტაციო ღონისძიებებს ახორციელებს.