სემეკ-მა "თელასის" კაპიტალური დანახარჯების პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია ვებგვერდზე განათავსა

სემეკ-მა სს "თელასის" კაპიტალური დანახარჯების პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია ვებგვერდზე განათავსა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სემეკ-ში სს "თელასის" კაპიტალური დანახარჯების შესახებ წინასწარი საჯარო განხილვა გაიმართა, რომელზეც კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა წარადგინა სს "თელასის" კაპიტალური დანახარჯების შესახებ პროექტის პრეზენტაცია, რომელიც განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე - http://gnerc.org/ge/sadjaro-skhdomebi/sadjaro-skhdomebis-shedegebi-presrelizi/ss-/16454

სემეკ-ის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია კომისიაში წარადგინოს წინადადებები და მოსაზრებები მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.  "კომისია შეახსენებს საზოგადოებას, რომ დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება "ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - კომისიის დადგენილების გამოსაცემად. დადგენილების გამოცემის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2015 წლის 31 აგვისტოს 18:00 საათი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების - დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად - 2015 წლის 18 დეკემბერი", - ნათქვამია განცხადებაში.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობა და დადგენილების პროექტი განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე - www.gnerc.org.  "ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია წარადგინოს თავისი მოსაზრება და წინადადება კომისიაში შემდეგ მისამართზე: ა.მიცკევიჩის N19. ამასთანავე, დაინტერესებული პირი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია, არ მიუთითოს ვინაობა", - ნათქვამია განცხადებაში.