"კავკასუს ონლაინის" ყოფილი მეპატრონე: ორი უმსხვილესი ინტერნეტ-პროვაიდერის გაერთიანება მომხმარებელს უზარმაზარ ზიანს მიაყენებს

ორი უმსხვილესი ინტერნეტ-პროვაიდერის - "კავკასუსისა" და "სილქნეტის" - გაერთიანება მომხმარებელს უზარმაზარ ზიანს მიაყენებს, - ამის შესახებ bpn.ge- ის "კავკასუს ონლაინის" ყოფილმა მეპატრონემ, მამია სანადირაძემ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კომპანიები ინტერნეტ-ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში ისედაც მონოპოლიურ მდგომარეობას იკავებდნენ და ხშირად ერთმანეთს ურიგდებოდნენ, ფიქსირებულ ფასს ადგენდნენ თუმცა, მაინც კონკურენტები იყვნენ, რაც მომხმარებელს ლავირების საშუალებას აძლევდა.

"წარმოიდგინეთ, ევროპაში ინტერნეტის გადასახადი თვეში 3-4 ევროა, მისი სიჩქარე კი იმაზე მაღალია, ვიდრე საქართველოში ყველაზე მაღალხარისხიანი ინტერნეტის, ანუ ჩვენთან საკმაოდ ძვირია ეს მომსახურება. თუ ეს კომპანიები შეერწყმებიან, სავარაუდოდ, ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მოსახლეობას ალტერნატივა საერთოდ აღარ ექნება და წყალთან, დენთან და ბუნებრივ აირთან ერთად უკვე ინტერნეტიც ერთი კომპანიის ხელში აღმოჩნდება", - აღნიშნავს ბიზნესმენი.

მისი თქმით, ორი გიგანტის გაერთიანების შედეგად კომპანია განვითარებაზე ორიენტირებული აღარ იქნება. "ინტერნეტს ახასიათებს ინოვაციურობა, ამ სფეროში ტექნოლოგიები გამუდმებით ვითარდება და ახლდება. ბაზარზე ერთი კომპანიის არსებობის შემთხვევაში, ძალისხმევისა და ინვესტიციების ჩადება ამ მიმართულებით საჭირო აღარ იქნება, შესაბამისად, მისი ხარისხი მკვეთრად გაუარესდება",- პროგნოზირებს მამია სანადირაძე.

bpn.ge სისხლის სამართლის საქმის წარმოების დეტალებით დაინტერესდა, რომელიც მამია სანადირაძისთვის ძველი ხელისუფლების დროს "კავკასუს ონლაინის" წართმევის ფაქტზე აღიძრა. როგორც მამია სანადირაძემ განაცხადა, სამი წელია, უკვე პროკურატურა საქმეს იძიებს და მას სიმართლის დადგენის ყოველგვარი იმედი გადაეწურა. "როგორც ვხვდები, მთავრობა არ აპირებს სამართლიანობის აღდგენას და არც ამ საქმის გამოძიებას. სამწუხაროა, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში კანონის უზენაესობის პრინციპს ყველა ხელისუფლება არღვევს. ადამიანები სათავეში მხოლოდ საკუთარი გამდიდრებისთვის მოდიან და არა- საქმისთვის", - განაცხადა ბიზნესმნემა. მისივე თქმით, თუ ორი კომპანიის შერწყმაზე გადაწყვეტილებას მარეგულირებელი კომისია მიიღებს, წართმეული კომპანიის დაბრუნების პროცესი კიდევ უფრო გართულდება.

ბელა ნოზაძე