რუსეთის ეკონომიკური დაღმასვლის მიზეზები

კორუფცია, ნავთობზე ფასების დაცემა და არაპროდუქტიული თანამშრომლები, - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რამაც რუსეთის ეკონომიკის დაღმასვლა გამოიწვია. 2009 წლის შემდეგ პირველად, რუსეთი რეცესიას განიცდის. მიუხედავად სერიოზული ეკონომიკური პრობლემებისა, კრემლის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი ცდილობს საერთაშორისო დონეზე ქვეყნის ეკონომიკური იმიჯის შენარჩუნებას. გამოცემა TIME-ი იმ ხუთ მიზეზზე წერს, რამაც რუსეთის ეკონომიკის დაღმასვლა განაპირობა.

1. დივერსიფიცირების ნაკლებლობა.

წლების განმავლობაში კრემლი მხარს უჭერდა და მფარველობდა მსხვილ სახელმწიფო კომპანიებს. მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს კი ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. თუმცა, სწორედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოები არის ძლიერი და დივერსიფიცირებული ეკონომიკის საფუძველი. ევროკავშირში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობაში 40-პროცენტიანი წვლილი აქვს. რუსეთში მხოლოდ 15 პროცენტი. ეს კი მსოფლიოს სიდიდით პირველ სახელმწიფოში ბიზნესის დაწყებას ხელს უშლის.

2. ნავთობის ბაზრის ფაქტორი.

ერთი ბარელი ნავთობის ფასი 45 დოლარს ჩამოცდა. ამან სერიოზული პრობლემები შეუქმნა რუსეთს, რომლის ბიუჯეტის დაახლოებით 50 პროცენტიც ნავთობისა და გაზის გაყიდვებით ივსება. იმისათვის, რომ რუსეთის ეკონომიკამ აღმასვლა დაიწყოს, საჭიროა, ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 100 დოლარს დაუბრუნდეს. თუმცა, ამას დიდი დრო დასჭირდება.

3. სანქციები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედი დასავლეთის სანქციები საერთო ჯამში, რუსეთს მშპ-ის 9 პროცენტი დაუჯდება.

4. სხვა პრობლემები. როგორც TIME-ი წერს, რუსი დასაქმებულების უმრავლესობა არც ისე პროდუქტიულია, როგორიც უნდა იყოს ეკონომიკური განვითარებისთვის. საშუალოდ, ერთი რუსი დასაქმებული საათის განმავლობაში ქვეყნის მშპ-ს 25,90 დოლარს მატებს. იგივე მაჩვენებელი საბერძნეთში 36 დოლარს სცდება. აშშ-ში კი 67.40 დოლარს. ამას გარდა, დაუსრულებელი კორუფციის გამო რუსეთის ეკონომიკა წლის განმავლობაში 300-დან 500 მილიარდ დოლარამდე კარგავს. Freedom House-ის მონაცემებით, კორუფციის დონე რუსეთში 6.75-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებს მცირედით ჩამორჩება.

5. არანაირი სურვილი ცვლილებისა.

რუსეთის უდიდესი პრობლემა შესაძლოა, ცვლილებების ნაკლებობა იყოს. ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად საბერძნეთმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხუთი მთავრობა შეიცვალა. რუსეთში კი სხვა ტენდენციაა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური დაღმასვლაა, პუტინი მაინც რეიტინგული ლიდერია. რატომ ხდება ასე? როგორც გამოცემა TIME-ი წერს, მოსახლეობის 90 პროცენტი ახალ ამბებს კრემლის მიერ კონტროლირებადი არხებიდან იღებს. პუტინმა კი ძალიან კარგად იცის, თუ რისი მოსმენა სურს მოსახლეობას.