ქართული თაფლისთვის ევროპის ბაზარი ისევ დახურულია

ქართული თაფლისთვის ევროპის ბაზარი ჯერ ისევ დახურულია. ამის ძირითადი მიზეზი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობაა. საგულისხმოა, რომ ქართული თაფლი ვერც მეზობელ რუსეთში გადის - მიზეზი ამ შემთხვევაშიც პროდუქციის ხარისხი და მისი შემოწმებისთვის აუცილებელი ლაბორატორიის არარსებობაა. არაოფიციალურად კი, თაფლი კერძო პირებს აზერბაიჯანში, სომხეთსა და ყაზახეთში მცირე რაოდენობით გააქვთ. იქ ჩვენი თაფლი დიდი მოწონებით სარგებლობს, თუმცა მეფუტკრეების თქმით, იმასთან შედარებით, რასაც ისინი აწარმოებენ, ექსპორტის მოცულობა მიზერულია. ქართული თაფლის რეალიზაცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარი მცირეა, ხოლო მიწოდება მოთხოვნას მნიშვნელოვნად აჭარბებს, მეფუტკრეებს თაფლის რეალიზაცია უჭირთ.

„თაფლს ძირითადად საახლობლოში ვყიდით. სარეალიზაციო ქსელში თაფლი გასაყიდად არ გაგვაქვს, რადგან შესაბამისი შეფუთვა, ეტიკეტირება არ გვაქვს. თაფლის რეალიზაცია გვიჭირს, რადგან ისეთი მოთხოვნა არ არის, რომ მთლიანი მოსავალი გავყიდოთ. საბედნიეროდ, თაფლი ისეთი პროდუქტია, რომ არ ფუჭდება. ამ ზაფხულს შარშანდელი თაფლი გავყიდე, თანაც საკმაოდ იაფად. შარშან, აზერბაიჯანელები იყვნენ ჩამოსული, ოჯახ-ოჯახ დადიოდნენ: გასაყიდი თაფლი თუ გაქვთო და ერთ კილოგრამს 10 ლარად ყიდულობდნენ. წელს თაფლი ცოტაა, რადგან ადრე გაზაფხულზე თოვლი მოვიდა, შემდეგ გვალვამ მცენარეები გაახმო, შესაბამისად წელს თაფლის ფასიც მოიმატებს. ბევრმა კრედიტი აიღო და სკები სესხით იყიდა. თუ თაფლს ვერ გაყიდიან, მაშინ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ჩვენი თაფლი უცხოეთში როგორ გავა, როცა საქართველოში ლაბორატორია არ არის, სადაც პროდუქციას შეამოწმებენ? ჩვენი ინიციატივით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მიგვაქვს და იქ ვამოწმებთ, თუმცა ევროპულ ბაზარზე ქართული თაფლის გასატანად ეს საკმარისი არ არის,“ - ამბობენ bpn.ge-თან საუბარისას ყვარლელი მეფუტკრეები.

ის რომ, ქართული თაფლი უცხოურს კონკურენციას ვერ უწევს, ამას სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც ადასტურებენ.

bpn.ge-თან საუბრისას სააგენტოს უფროსის მოადგილე თენგიზ კალანდაძე იმედოვნებს, რომ წლის ბოლოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბაზაზე არსებული ლაბორატორია სრული დატვირთვით ამოქმედდება და თაფლის შემოწმებას ყველა მახასიათებელზე შეძლებს.

თენგიზ კალანდაძე:

-ქართული თაფლი ევროკავშირის ქვეყნებში არ გადის. ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ქართული თაფლისთვის ევროკავშირის ბაზარი გავხსნათ. ხშირად ვხვდებით მეფუტკრეებს, ვუხსნით, როგორ უნდა იყოს ეტიკეტირებული თაფლი, მწარმოებელმა სანიტარულ-ჰიგიენური პირობები როგორ უნდა დაიცვას და ა.შ. საქართველოში თაფლის ინდუსტრია არ არსებობს. ჩვენთან გლეხების მიერ მოგროვილი თაფლი იყიდება, რაც ევროპისთვის ცოტაა. თანაც, ევროპა ერთგვაროვან, ერთი ფერის, გემოს, სუნისა და შესაბამისი რაოდენობის თაფლს ითხოვს, ამის მიღწევა კი, რთულია. მეფუკტრეებს ვურჩევთ გაერთიანდნენ კოოპერატივებში. ასეთ შემთხვევაში ევროპის ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებენ.

- ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობდა, რომ ლაბორატორია სრული დატვირთვით მალე ამუშავდებოდა და ქართველ მეფუტკრეებს თაფლის შემოწმება უცხოეთში აღარ მოუწევდათ, რაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ. ეს პრობლემა კვლავ მოუგვარებელია...

- საქართველოში რამდენიმე კერძო ლაბორატორიაა, სადაც თაფლი 150-მდე პარამეტრზე მოწმდება, მაგრამ რთულ პარამეტრებზე კვლევას ვერ ატარებენ - ეს გახლავთ თაფლში ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების და სხვა დამაბინძურებლის, ჰორმონების კვლევა. ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მის ბაზაზე არსებული ლაბორატორიის გაძლიერება გადაწყვიტა. სამინისტრომ სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა შეიძინა, რომელიც რთულ პარამეტრებს შეამოწმებს. პერსონალს შესაბამისი ტრეინინგი ჩაუტარდა. დაახლოებით წლის ბოლოს ლაბორატორია შეძლებს თაფლის ყველა პარამეტრებზე კლევა ჩაატაროს, ხოლო მის მიერ გაცემული დოკუმენტი თაფლის სანდოობის დამადასტურებელი იქნება, თუ რა თქმა უნდა, კონკრეტული პროდუქტი ევროპის ბაზრისთვის მისაღებ ყველა ნორმას დააკმაყოფილებს.

- რა არის ის ძირითადი მოთხოვნები, რაც მეფუტკრეებმა უნდა დააკმაყოფილონ, რათა ქართული თაფლი ექსპორტზე ევროპაში გავიდეს?

- ჩვენი თაფლი უცხოურს კონკურენციას ვერ უწევს, რადგან სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. თაფლის მწარმოებელს მოეთხოვება იმ ტეროტორიაზე, სადაც ფუტკარია სისუფთავე შეინარჩუნოს. იქ, სადაც ფუტკარია, ჩამდინარე წყლები უნდა კონტროლდებოდეს, ღია ტიპის საპირფარეშოები არ უნდა იყოს. როცა ამ ყველაფერს ვასწავლით, შემდეგ ვადას მივცემთ თაფლის მწარმოებლებს, რომ არსებული ხარვეზები გამოასწორონ. იმ შემთხვევაში, თუ არ გამოასწორებენ, რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო შესაბამისი სანქციებიც დაეკისრებათ.

- რამდენად დიდია იმპორტირებული თაფლის წილი ადგილობრივ ბაზარზე?

- ძალიან მცირე რაოდენობით შემოდის უცხოური თაფლი. თაფლი მაღალი რისკის პროდუქტად არ მიიჩნევა, განსაკუთრებული კონტროლს არ საჭიროებს. ზოგადად, ქართული თაფლი თავისი არომატით, მრავალფეროვანი ფლორის ნექტრით უცხოურს ბევრად სჯობს. საქართველოდან არაერთ უცხოელს წაუღია თაფლი, იქ გაუსინჯავთ და აღფრთოვანებულები დარჩენილან. ჩვენ კარგი პროდუქტი გვაქვს, მაგრამ ამას ორგანიზება სჭირდება, სტანდარტების დაკმაყოფილება, რომ ექსპორტზე გავიდეს.

საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარის, გიორგი კეპაშვილის თქმით, ქართველი მეფუტკრეების ისეთი ხარისხის თაფლს არ აწარმოებენ, რომელიც თაფლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს შეესაბამება.

„ იმისათვის, რომ ქართული თაფლი ექსპორტზე გავიდეს და რა თქმა უნდა, საქართველოშიც ხარისიანი პროდუქტი გაიყიდოს, საჭიროა რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესრულება. ქართველმა მეფუტკრეებმა უნდა გაითავისონ, რომ თაფლი ახალი ტექნოლოგიების დანერგვით უნდა აწარმოონ, რეკომენდირებული პრეპარატებით უნდა უმკურნალონ, დაიცვან წესები, რომელსაც მათ საქართველოს მეფუტკრეთა გილდია სთავაზობს. ჩვენ დავწერეთ სტრატეგია მეფუტკრეობის განვითარების შესახებ, რომელიც 2014-2020 წლებს მოიცავს. ძირითადი მიმართულებაა პირველადი წარმოება. მეფუტკრეებს ვთავაზობთ, ნებისმიერი ფორმით გაერთიანებას, რომ კანონით მოთხოვნილი თაფლი აწარმოონ, მაგრამ ჩვენს მეფუტკრეებს ეს არ უნდათ. მათ განათლება აკლიათ, ძალიან დაბალია მათი ცოდნის დონე. დაიმახსოვრეთ ჩემი ნათქვამი, თაფლს ექსპორტზე ვერასდროს გავიტანთ, ვიდრე დადგენილ მოთხოვნებს არ შევასრულებთ. ჰკითხეთ სოფლის მეურნეობის მინისტრს, ამ დრომდე ლაბორატორია რატომ არ ფუნქციონირებს? ჩვენს გილდიას თაფლი ექსპორტზე ვერ გააქვს, რადგან საქართველოში თაფლის ლაბორატორიული შემოწმება არ ხდება. ვიცი, რომ ზოგ მეფუტკრეს თაფლი შესამოწმებლად სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მიაქვს. იცით, რომ საქართველოში არ გვყავს სპეციალისტები, რომლებიც თაფლს შეამოწმებენ? მაშ რა ძალა აქვს თუნდაც სამხარაულის ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევებს? პირადად მე მათ მიერ შემოწმებულ თაფლს არ ვენდობი. ასე რომ არ იყოს, სურსათის სააგენტო თაფლს ლატვიაში გააგზავნიდა შესამოწმებლად, სადაც ერთი კვლევის ჩატარება 2 000 ლარი ჯდება.“ - ამბობს კეპაშვილი.

Bpn.ge კომეტარისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას დაუკავშირდა. როგორც ლაბორატორიის პრესსამსახურში განაცხადეს, ლაბორატორიაში კერძო პირების მიერ შემოტანილი თაფლის შემოწმება ახლაც მიმდინარეობს. პარალელურად, მიმდინარეობს კოოპერატივებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, კოოპერატივებისთვის თაფლის სხვადასხვა მაჩვენებელზე შემოწმება უფასო იქნება. მანამდე კი, მსურველებს თაფლის შეძენა კვლავ სანაცნობო წრეებში მოუწევთ, სადაც თაფლის საიმეედობა მეფუტკრის სინდისზეა დამოკიდებული.

სალომე გოგოხია