პენსიონერები ცხოვრების გაუარესებაზე საუბრობენ

150 ლარიანი პენსია ლარის დევალვაციამ და ინფლაციამ უკვე ”შეჭამა”, შედეგად სექტემბერში მისი 6,6 %-იანი ზრდა, ფაქტობრივად, მატებად არ ჩაითვლება. თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოხუცები პენსიას ძირითადად ჯანდაცვასა და სურსათზე ხარჯავენ, ეს სეგმენტი კი მიზნობრივ ინფლაციაზე უფრო მეტად გაძვირდა, გამოვა, რომ პენსიის ”დანაკარგი” რეალურად უფრო მეტი იქნება, ვიდრე მიზნობრივი ინფლაციის - 5%-ის მაჩვენებლით გამოწვეული სხვაობა.

პენსიონერების აზრითაც, 150 ლარიდან 160 ლარამდე პენსიის ზრდა მათ შეღავათს ვერ მისცემს. მიზეზი ლარის გაუფასურება, მედიკამენტებისა და პროდუქტების გაძვირებაა. როგორც პენსიონერებმა ”რეზონანსთან” საუბრისას განმარტეს, ცხოვრება ბოლო რამდენიმე წელია კი არ გაუუმჯობესდათ, პირიქით, დაუმძიმდათ. ამიტომ ეს თანხა მათ ორიოდე წლის წინანდელ მდგომარეობამდეც ვერ დააბრუნებს. ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა მრავალრიცხოვან ჯგუფს პენსიონერებიც უერთდებიან, თანდათან უკვე იმკის. ოფიციალური ინფორმაციით, წელს ივლისში ინფლაცია, წინა წელთან შედარებით 4,9% იყო, თუმცა მედიკამენტები და მთლიანად ჯანდაცვა, რომელთა წილი პენსიონერის პენსიაში დაახლოებით 20-25%ია, 4,9%-ზე მეტად გაძვირდა.

ინფლაცია სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე სხვადასხვაგვარად აისახება. იმის გამო, რომ მოხუცებს სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებში უფრო ბევრი ეხარჯებათ, ვიდრე არაპენსიონერებს, მედიკამენტები კი უფრო მეტად გაძვირდა, ვიდრე სამომხმარებლო ბაზრის სხვა ელემენტები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 160 ლარიანი პენსიის ”დანაკარგი” რეალურად უფრო მეტი იქნება, ვიდრე საშუალო ინფლაციის მაჩვენებლით გამოწვეული სხვაობა.

როგორც პენსიონერებმა ”რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნეს, სოციალური მდგომარეობის დამძიმება ყველაზე მეტად დაუცველ ფენას, მათ შეეხოთ, რადგან თითოეულის ყოველთვიური შემოსავალი ლარმა ჩაყლაპა. უმეტესობას პენსია 150 ლარი მარტო მედიკამენტებში ძლივს ყოფნის.

სწორედ ასეთი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის ფონზე, 2014 წელს დაანონსებულ სექტემბერში პენსიის 10 ლარით ზრდას, პენსიონერები შეღავათად ვერ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, ეს თანხა მათ გაუფასურებამდე არსებულ სოციალურ მდგომარეობამდეც კი ვერ დააბრუნებს, თუმცა სულ არარაობას მაინც ამჯობინებენ.

”10 ლარის ზრდა არანაირ შეღავათს არ მოგვცემს. მედიკამენტებზე ფასმა მოიმატა, გაძვირდა საკვები პროდუქტი, ელექტროენერგიის ღირებულება იზრდება, ახლა დაითვალეთ რამდენით გაგვეზარდა ხარჯი. 10 ლარი რას გვიზამს, რაში გვეყოფა, მდგომარეობას კი არ გაგვიუმჯობესებს, ლარის გაუფასურებამდე რა ვითარებაშიც ვიმყოფებოდით, იმ დროშიც ვეღარ დაგვაბრუნებს. არ ვიცი რა გვეშველება, სული ძლივს გვიდგას პირში. 160 ლარი კი არა, 200 ლარით ძლივს გამაქვს თავი. ამხელა ქალი სახლებს ვალაგებ და ვცდილობ თავი ამითი გავიტანო.  ამ მთავრობას ურჩევნია მართლაც ქამრები შემოიჭიროს და ჩვენ მოგვხედოს, სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენას, პენსიონერებს. ამ თვეში ჯერ მარტო დენზე გადასახადი 45 ლარი მომივიდა. აბა რაში უნდა მეყოს 160 ლარი. სასაცილოა, შვილო, სატირალი რომ არ იყოს”, - ამბობს პენსიონერი ლალი ჯოხაძე.

თამაზ მგალობლიშვილის აზრით, ცხოვრების გაძვირების შემდეგ 10 ლარით პენსიის ზრდა მათ არანაირ შეღავათს არ მისცემს.  ”160 ლარის დანიშვნას რა აზრი აქვს, თუკი ფული გაგვიუფასურდება და ცხოვრება გაგვიძვირდება. გასულხართ ბაზარში, აფთიაქში რა ხდება? თითქმის ყველა სახის მედიკამენტზე ფასი გაზრდილია. მკურნალობაშიც კი არ მყოფნის ჩემი პენსია.  ლარის გაუფასურება რომ დაიწყო, ფასის მატება პირველად მაშინ მოხდა მედიკამენტებზე. მერე გაჩერდა. ვიფიქრე გააიაფებენ-თქო, მაგრამ გაყინეს უკვე მომატებულ ფასზე. ახლა ერთი კვირაა ლარი რაც ისევ გაუფასურდა და წამლები კიდევ უფრო გააძვირეს. ამაზე ყველა ლაპარაკობს, ეს მხოლოდ ჩემი აზრი და დაკვირვება არ არის. გუშინ აფთიაქში ვიყავი მისული და ნახევარზე მეტი მედიკამენტებისა ვერ ვიყიდე, ფული არ მეყო და იმიტომ. რა თქმა უნდა, არაფერს შეგვიცვლის 10 ლარი, ამით ჩვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. მადლობელნი კი ვართ, მაგრამ სული ვერ მოვითქვით ხალხმა ამ ლარის გადამკიდეებმა”, - აღნიშნა თამაზ მგალობლიშვილმა.

როგორც ცნობილია, პენსიის ზრდაზე პროგნოზი 2014 წელს გაკეთდა. მიმდინარეობდა განხილვა, რომ 2015 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტში, ამავე წლის სექტემბერს პენსია 5-10 ლარით გაიზრდებოდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სულ 683 ათასი პენსიონერია.

რამდენიმე ათასიანი არმიიდან ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი ნინა ფრიდონაშვილიც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მოლოდინშია და პენსიის ზრდას ელოდება, თუმცა ლარის გაუფასურების, ინფლაციის ფონზე ეს 10 ლარიანი ზრდა არასაკმარისად მიაჩნია. ”პენსია 150 ლარი მაქვს. ამბობენ 10 ლარით მოიმატებსო. რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ჩვენ დიდ შეღავათს ვერ მოგვცემს, იმიტომ, რომ გაჭირდა ცხოვრება. საჭმლის ფულს ძლივს ვშოულობთ. მინდა ვიცოდე, რას გვიპირებენ, ბოლოს და ბოლოს. მახსოვს ბიძინა ბევრ სიკეთეს გვპირდებოდა და გვეშველება თუ არა, გაგვარკვიოს მთავრობამ.  ახლა 10 ლარი რაში უნდა გვეყოს. დღევანდელ 100 ლარს და წლების წინანდელს ერთი ფასი აქვს? რა გამოვა ამ თანხაში, არაფერი! გაძვირდა ცხოვრება. ხალხს, განსაკუთრებით პენსიონერებს, ცხოვრება იმდენად გაგვირთულდა და გაგვიუარესდა, რომ ჩვენს გაჭირვებას 10 ლარი ვეღარ უშველის”, - ამბობს ნინა ფრიდონაშვილი.

საჩივარი, სატკივარი ყველას ერთი და იგივე აქვს - უფულობა, უსახსრობა. პენსიონერი ზვიად ქავთარაძეც ფიქრობს, რომ 160 ლარამდე პენსიის ზრდა მდგომარეობას ვერ შეუცვლის.  ”ადამიანს დღეში მინიმუმ 5 ლარი მაინც სჭირდება, პენსიონერს მეტი, რადგან მედიკამენტები ესაჭიროება. 10 ლარი, აბა გამოიანგარიშეთ, რას მოგვცემს, თუმცა ეგეც საკითხავია, გაგვიზრდიან თუ არა. რომ მოგვიმატონ, ვფიქრობ არასაკმარისი კომპენსაციაა, რა თქმა უნდა. ურჩევნიათ პრემიებზე და დანამატებზე უარი თქვან და ის თანხა ჩვენ მოგვახმარონ.  პროდუქტზე ფასი გაიზარდა, წამლები გაძვირდა, კიდევ ათასი რამ. მაგალითად, ადრე 5 ლარი თუ მყოფნიდა დღეში, ახლა სადილი რომ გავაკეთო, 10 ლარი მინდა. როცა დამხმარე არ გყავს, ეს ამდენი ფული საიდან უნდა მოიტანოს პენსიონერმა. პენსიის 10 ლარით მომატება ცხოვრებას შეგვიმსუბუქებს კი არა, იმ მდგომარეობამდეც ვერ დაგვაბრუნებს, რაც ლარის გაუფასურებამდე იყო”, - აცხადებს ზვიად ქავთარაძე.

მარიამ აფციაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"