ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში ბიზნესის განვითარება გაბედულმა ადამიანებმა უნდა შეძლონ

საქართველოში ბიზნესის განვითარება გაბედულმა ბიზნესმენებმა უნდა შეძლონ, რომლებიც არ ელოდებიან რაღაც განსაკუთრებულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში, ხილის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ბიზნესი უნდა განვითარდეს კერძო სექტორის მხრიდან მთავრობის ხელშეწყობით. "სწორედ ისეთმა გაბედულმა ბიზნესმენებმა, (როგორიც არის ზურაბ ჩხაიძე, რომელმაც გახსნა ეს ქარხანა), რომლებიც არ ელოდებიან რაღაც განსაკუთრებულს, რასაც ქართველი ხალხი ველოდებით 25 წელია და უფრო მეტიც, უნდა შეძლონ ბიზნესის განვითარება საქართველოში ჩვენი ხელშეწყობით. თუმცა, მთავრობა ვერ ჩაანაცვლებს კერძო სექტორს, ისევე როგორც კერძო სექტორი ვერ ჩაანაცვლებს მთავრობას. დღევანდელი დღე არის წარმატებული მაგალითი იმის, რომ მთავრობას და კერძო სექტორს შეუძლია წარმატებით თანამშრომლობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს თანადაფინანსებით და ხელშეწყობით კერძო სექტორი ვითარდება, რის შედეგადაც იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. "ჩვენი მთავრობის დახმარებით 135 ქარხანა არის დაფინანსებული. 3 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო არაჩვეულებრივი პროგრამა – შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, რომელიც წარმატებით ხორციელდება მესამე წელია. ამის ფარგლებში დაფინანსდა 135 ქარხანა. გასულ წელს დავიწყეთ ახალი პროგრამა "აწარმოე საქართველოში". ამის ფარგლებში 100 საწარმო არის დაფინანსებული, რაც ჯამში სამასი მილიონი დოლარის ინვესტიციაა. ჩვენი ვარაუდით, რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა. გასულ წელს შეიქმნა 30 000 სამუშაო ადგილი, აქედან 90% მოდის სწორედ კერძო სექტორზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს თანადაფინანსებით და ხელშეწყობით კერძო სექტორი ვითარდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ახალ საწარმოს, პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ასეთი საწარმოების გახსნა რეგიონებისთვის უმნიშვნელოვანესია.  "მინდა ყველას მოგილოცოთ კიდევ ერთი ახალი საწარმოს გახსნა. მე მინდა აღვნიშნო ზურაბ ჩხაიძეს განსაკუთრებული ღვაწლი, რომელიც მეოთხე საწარმოს ხსნის. ასეთი საწარმოების გახსნა არის უმნიშვნელოვანესი ქედისთვის. ადგილობრივ მცხოვრებლებს მიეცემათ საშუალება ჩააბარონ ამ საწარმოში მათ მიერ მოყვანილი ხილი. აქ ყველანაირი ხილის ჩაბარება შეიძლება. წლების განმავლობაში ხილი ფუჭდებოდა და ლპებოდა, რადგან მოსახლეობას არ ჰქონდა საშუალება სადმე ჩაებარებინა. ამ საწარმოში მუდმივად 50 ადამიანია დასაქმებული. ეს არის თანამედროვე აღჭურვილობის მქონე, ევროპული სტანდარტების ქარხანა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გარდა იმისა, რომ მოახერხა სამი წლის წინ, რომ ჩვენი პროდუქცია დაბრუნებულიყო რუსეთის ბაზარზე, ქართველ მეწარმეებს გაუხსნა ევროპული ბაზარი. ჩვენ ქართველ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს აქვთ შესაძლებლობა, ყოველგვარი ბარიერების გარეშე გაიტანონ ჩვენი ქართული პროდუქცია ევროპის ბაზარზე", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საწარმო სახელმწიფოს თანადაფინანსებით და შეღავათიანი აგროკრედიტით აშენდა.