ოთარ დანელია სტიქიის შედეგებს კახეთში გაეცნობა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სტიქიის შედეგებს კახეთში გაეცნობა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ დანელია ყვარელში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება და ადგილზე შექმნილ ვითარებას პირადად გაეცნობა.

კახეთის რამდენიმე რაიონი სტიქიამ დააზარალა. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ყვარლის რაიონში მოსავალი გაანადგურა. სეტყვასთან ერთად ყვარლის რაიონში ძლიერი ქარიც იყო, რამაც სახლს სახურავები გადახადა.  სტიქია იყო ლაგოდეხის რაიონშიც, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ადგილობრივ მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა. ლაგოდეხის რაიონის სოფლებში დატბორილია სახლების პირველი სართულებიც. სტიქიამ განსაკუთრებით სოფელ გიორგეთის მოსახლეობა დააზარალა. მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია და გაზი. სტიქიის ზონებში საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ადგილზე ბრიგადების ჩასვლა თბილისიდანაც გახდა საჭირო. მეწყერი ჩამოწვა ახმეტის რაიონში. მიწის ჩამოშლის შედეგად ომალო-ლეჩურის დამაკავშირებელი გზა ჩაიხერგა.