გარემოს ეროვნული სააგენტო თევზების მარაგების შეფასებას იწყებს

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგსა და თევზების მარაგების შეფასებას იწყებს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევების პირველ ეტაპს ბათუმში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრო. კვლევა მოიცავს თევზმჭერი გემის მეშვეობით სამეცნიერო ჭერების წარმოებას საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ყველა უბანზე.

"აღსანიშნავია, რომ საქართველოში საზღვაო კვლევებზე დაფუძნებული იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების სისტემური მონიტორინგი 12 წელზე მეტია არ წარმოებულა. ასევე, 12 წელია სახელმწიფოს არ განუხორციელებია შავი ზღვის სანაპიროს თევზების მარაგების შეფასებაც. მონიტორინგი მხოლოდ თევზის გადმოცლის ადგილებსა და სარეალიზაციო პუნქტებში წარმოებდა", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იქთიოფაუნა წარმოადგენს საზღვაო ბიომრავალფეროვნების ერთადერთ კომპონენტს, რომლის რაოდენობრივ-ხარისხობრივი მონიტორინგი ზღვის გარემოში მიმდინარე ცვლილებების დაკვირვების საშუალებას იძლევა. გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში კვლევის მომდევნო ეტაპებს ოქტომბერსა და დეკემბერში განახორციელებს.