13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისათვის 1 200 000 ლარი დაიხარჯება

თბილისში 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად დაზიანებული 66 სახლის რეაბილიტაციისათვის 1 200 000 ლარი დაიხარჯება. საბურთალოს რაიონის გამგეობას 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული 66 სახლის რეაბილიტაციისათვის თანხების განკარგვის უფლება დღეს თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მიენიჭა. საკითხი სხდომაზე საბურთალოს რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ წარადგინა.  როგორც საბურთალოს რაიონის გამგებელმა განაცხადა, 66 სახლის რეაბილიტაციისათვის 1 200 00 ლარი დაიხარჯება. სახლების რეაბილიტაცია საბურთალოს რაიონში რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის სოფელ დიღომში მოხდება, სადაც სახლები დიღმულას ადიდების შედეგად დაზიანდნენ.

გამგებლის განმარტებით, სარეაბილიტაციო სახლების სია მოქალაქეების განაცხადების შესწავლის შემდეგ დადგინდა.  "რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. შედგება სარეაბილიტაციო პროექტები და სამუშაოებიც დაიწყება. წვიმების სეზონი მოდის და პირველ რიგში სახლის სახურავების გადახურვას დავიწყებთ, რათა მოსახლეობა კიდევ არ დაზარალდეს", - აღნიშნა მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული 66 სახლის გარდა, კიდევ არის დამატებით მოქალაქეების სია, რომელთა სახლებიც შემდგომ ეტაპზე შეკეთდება.