2015-2016 წლებში  "თელასი" დაახლოებით 67 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

როგორც სემეკში, დღეს გამართულ სხდომაზე კომპანია "თელასის" საინვესტიციო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო დეკანოსიძემ განაცხადა, აღნიშნული თანხის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი ძაბვის ქვესადგურების, საჰაერო გადამცემის ხაზების, საკაბელო მეურნეობის რეკონსტრუქცია, კაპიტალური რემონტები, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთება, ელექტროენერგიის კომერციული აღრიცხვის ავტომატური სისტემის დანერგვა და ა.შ.

კომისიაში აცხადებენ, დღეს მოხდება შეთანხმება იმ ინვესტიციებზე, რომელიც მიზანშეწონილი და დასაბუთებულია. როგორც სემეკში განმარტავენ, წინასწარი შეთანხმება საჭიროა იმისთვის, რომ კომპანია "თელასმა" განახორციელოს იმაზე მეტი ინვესტიცია, ვიდრე ამ პერიოდში ენერგეტიკული აქტივების ამორტიზაცია მოხდება.

ამ დროისთვის უკვე "თელასის" ინვესტიციებთან დაკავშირებით საკუთარ პრეზენტაციას სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზვიად გაჩეჩილაძე წარმოადგენს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას "თელასის" სატარიფო განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა 2015 წლის 18 დეკემბრამდე აქვს.

დღეს სემეკში თელასის 2015-2016 წლების საინვესტიციო გეგმაზე მსჯელობენ.