საპარტნიორო ფონდი "ნენსკრაჰესის" მშენებლობას იწყებს

საპარტნიორო ფონდი "ნენსკრაჰესის" მშენებლობას იწყებს. "ნენსკრას" ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტს საპარტნიორო ფონდმა, კორეულმა კომპანია K-Water-მა, საქართველოს მთავრობამ, "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა" და სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" ხელი დღეს სასტუმრო "რედისონში" მოაწერეს. პაკეტი აერთიანებს პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებას, ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებას და პროექტთან დაკავშირებულ სხვა თანადართულ ხელშეკრულებებს.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ს ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პროექტის დასაწყებად ყველა ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული დეტალები შეთანხმებულია და სამშენებლო კომპანია უახლოეს დღეებში ჰესის მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს დაიწყებს.  "ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე აშენდება", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

280 მეგავატი სიმძლავრის ნენსკრა ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდინარე ენგურის შენაკადზე ააშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მილიარდი კვტ/სთ იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება ერთი მილიარდი აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და კორეის "ექსიმ ბანკი".