რთველი 2015 - კახეთში ყურძნის ჭარბ მოსავალს ელოდებიან

კახელი გლეხები მოსავლის ასაღებად ემზადებიან. შეთავაზებული ფასით კი უკმაყოფილებას გამოთქვამენ

სტიქიის მიუხედავად, წელს კახეთში ყურძნის ჭარბ მოსავალს ელოდებიან. არსებული პროგონოზით, მიმდინარე წელს შარშანდელთან შედარებით, ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლი თითქმის 30%-ით მეტია. ქარხნები ყურძნის მიღებას მომავალი კვირიდან დაიწყებენ. სახელმწიფო წელსაც კახელი გლეხების დახმარებას ყურძნის სუბსიდიით ცდილობს. სუბსიდიის სახით, 2015 წლის რთველის ფარგლებში 1 კილოგრამ კახურ მწვანესა და რქაწითელზე 35 თეთრი, ხოლო 1 კგ. საფერავზე 15 თეთრი გაიცემა. გავრცელებული ინფორმაციით, სუბსიდიის ჩათვლით რქაწითელი და მწვანე 70 თეთრი, ხოლო საფერავი 85 თეთრი ეღირება.

შარშან ყურძენს ღვინის 80 კომპანია იბარებდა. გასულ წელს რთველი 21 აგვისტოს დაიწყო. კომპანიები საფერავის ჯიშის ყურძენს 1.30 თეთრად, ხოლო რქაწითელს 1 ლარად იბარებდნენ. 27 აგვისტოდან ყურძენი გაძვირდა და 1 კილოგრამი ხარისხიანი ყურძნის ფასი 2-დან 2.40 ლარამდე მერყეობდა.

წელს ყურძენზე ფასის კლების მიზეზად ღვინის კომპანიების ხელძღვანელები ექსპორტის შემცირებას ასახელებენ. მათი თქმით, ღვინის ექსპორტის კლება ორ უმსხვილეს ბაზარზე რუსეთსა და უკრაინაში შემცირებულ გაყიდვებს უკავშირდება. რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 59%-ით დაეცა, უკრაინაში კი 62%-ით.

კახელი გლეხები მოსავლის ასაღებად ემზადებიან. შეთავაზებული ფასით კი უკმაყოფილებას გამოთქვამენ. გივი ხატიაშვილი 8 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდება. ამბობს, რომ შესაწამლი ნივთიერებების გაძვირების ფონზე 1 კილოგრამი ყურძენის ფასი 1 ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს.

"ლარი გაუფასურდა და ერთი ლარიც რომ ღირდეს, მაინც წაგებაში ვართ. წლევანდელი ლარი შარშანდელ 65 თეთრს უდრის. 70 თეთრი კი საერთოდ არაფერია, ამ თანხით ხარჯების დაფარვასაც ვერ შევძლებთ. ვენახს იმდენი მოვლა სჭირდება, უმრავლესობას ბანკის ვალი გვაქვს დასაფარი. 1 ჰა-ზე ვენახის მოვლა 2 500 ლარამდე ჯდება. ასეთი ფასი გლეხის შრომის დაუფასებლობაა და მეტი არაფერი", - აცხადებენ კახელი გლეხები.

რთველის საორგანიზაციო შტაბი უკვე გახსნილია, სადაც ამ დროისთვის 12 კომპანიაა რეგისტრირებული. იმის გათვალისწინებით, რომ შარშან ყურძენი 80 კომპანიამ ჩაიბარა, შტაბში მსურველების რაოდენობის გაზრდას ელოდებიან. თუმცა ამბობენ, რომ წელს მოთხოვნა ნაკლებია.

თიკო გურაშვილი