სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი ქართული მეაბრეშუმეობის მსოფლიო ბაზარზე დაბრუნებაზე ზრუნავს

სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის სპეციალისტების მიერ მიმდინარე წელს აბრეშუმის ჭია გამოკვება და მომდევნო თაობის 65 ჯიშის 1000 ცალზე მეტი ნადები გრენას დამზადება მოხდა.

ცენტრის ინფორმაციით, ცენტრის ერთ-ერთ მიზანს თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის ჯიშების შენარჩუნება და გაუმჯობესება წარმოადგენს, რომელიც ამავე დროს მეაბრეშუმეობის დარგისთვის, როგორც ადგილობრივ, ასევე მსოფლიო ბაზარზე კუთვნილი ადგილის დაბრუნებას ითვალისწინებს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტს, აგრარულ უნივერსიტეტთან არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გადმოეცა საქართველოში არსებული თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის 65 ადგილობრივი და უცხოური ჯიში.

ქართული აბრეშუმი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით. დღესაც არსებობს ისეთი ჯიშები, რომელთა ბიოტექნოლოგიური მაჩვენებლები მსოფლიო სტანდარტებთან შედარებით გაცილებით მაღალია. კერძოდ, ისინი ხასიათდებიან პარკის ძაფის დიდი სიგრძითა და სიწმინდით. ამ თვისებით განსაკუთრებით გამოირჩევა მზიურების ჯგუფის ჯიშები, რომელთა ძაფისგან დამზადებულმა ქსოვილმა 1998 წელს მადრიდში ევროპის ხარისხის კომისიის მიერ უმაღლესი ჯილდო "პლატინის ვარსკვლავი" მოიპოვა.

თუთის აბრეშუმხვევიას აღნიშნული გენოფონდი ერთადერთია საქართველოში და მისი შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია მეაბრეშუმეობის აღორძინებისა და შემდგომი განვითარების საქმეში.