კობა სუბელიანი: ყაზბეგის რაიონში რამდენიმე დღეა ასეულობით სატვირთო გაჩერებულია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა სუბელიანის განცხადებით, ყაზბეგის რაიონში, უკვე რამდენიმე დღეა ასობით სატვირთო ავტომობილია გაჩერებული.როგორც სუბელიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადაადგილება შეზღუდული აქვთ, თუმცა მიზეზები ამ დრომდე უცნობია. მისი თქმით, ტრაილერების მოძრაობის მსგავსი შეფერხება ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების.

"ყაზბეგის რაიონში უკვე რამდენიმე დღეა ასეულობით სატვირთო გაურკვეველი მიზეზით გაჩერებულია. თითოეული დაკარგული დღე, საათი ჩვენი ეკონომიკის შეფერხებას უდრის. მერე კიდევ გვიკვირს, რატომ უფასურდება ჩვენი ეროვნული ვალუტა. ესაა შეფერხებული ეკონომიკის ერთი პატარა ნაწილი. თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ამაზეა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა დამოკიდებული. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, პირადად მივიდეს ლარსის საბაჟო პუნქტზე და გაარკვიოს რასთან გვაქვს საქმე. ეს არაა ერთი და ორი მანქანა, აქ საუბარია ასეულობით მანქანაზე და რაც მთავარია არავინ იცის ამ შეფერხების მიზეზი. ჩვენ დროს ასეთი რამ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, ეს სისტემა აწყობილი დავტოვეთ და სახეზე გვაქვს სისტემის ნგრევა", - განაცხადა კობა სუბელიანმა.