პროფკავშირების განცხადებით, საქართველოში წელიწადში სამუშაო ადგილებზე 39 დასაქმებული იღუპება

გაერთიანებული პროფკავშირების განცხადებით, საქართველოში წელიწადში სამუშაო ადგილებზე 39 დასაქმებული იღუპება, ხოლო 70 დასაქმებული კი მაღალი და საშუალო სიმძიმის ტრავმებს ღებულობს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით,  სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საქართველოში არსებულ სავალალო სტატისტიკასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოში სტუმრად მყოფი, საერთაშორისო პროფკავშირის Industriall Global Union-ის გენერალური მდივანი იურკი რაინა (Jyrki Raina), გენერალური მდივნის თანაშემწე ქემალ ოზკანი (Kemal Ozkan) და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე მონაწილეობდნენ.

პრესკონფერენციაზე საერთაშორისო პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და მისმა თანაშემწემ საქართველოში სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა არსებულ სავალალო სტატისტიკასთან დაკავშირებით Industriall Global Union-ის პოზიცია დააფიქსირეს.  გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, ბოლო 8 წლის განმავლობაში საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით სამუშაო ადგილებზე წელიწადში 39 დასაქმებული იღუპება, ხოლო 70 დასაქმებული კი მაღალი და საშუალო სიმძიმის ტრავმებს ღებულობს.

"საერთო მაჩვენებლის 30 % (13 გარდაცვალება; 21ტრავმა), სწორედ იმ ეკონომიკურ სექტორებზე მოდის რომელთა პროფკავშირებიც საქართველოში Industriall Global Union-ის წევრები არიან. კერძოდ: საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირი და ნავთობის და გაზის მუშაკთა პროფესიული კავშირი. Industriall Global Union-ი იძულებულია აღნიშნოს, რომ საქართველოს მიერ არ არის რატიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არც ერთი კონვენცია. კერძოდ, N81 - შრომის ინსპექციის შესახებ ვაჭრობისა და მრეწველობის დარგებში; N155 - შრომის უსაფრთხოების და ჰიგიენის შესახებ; N176 - შახტებში შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ; N12 - შრომითი მოვალეობის შესრულების დროს დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ",- აღნიშნეს პროფკავშირების გაერთიანებაში.

მათივე თქმით, Industriall Global Union-ი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მძიმე მრეწველობის სექტორში დასაქმებული საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ზემოთაღნიშნული კონვენციების რატიფიცირება. "აუცილებლად უნდა შევეხოთ კაზრეთში მიმდინარე პროცესებს, სადაც 1000-მდე ადამიანის კონსტიტუციური, ფუნდამენტური უფლება შეილახა, სადაც კომპანია RMG-ის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგად მოხდა ადამიანებზე ზეწოლა და მათი პროფკავშირული ნიშნით მუქარა, დევნა და იძულება მათ მიერ პროფკავშირის რიგების დატოვების მიზნით. ამის შესახებ პროფკავშირებს საკმარისზე მეტი დოკუმენტური მასალები აქვს გადაგზავნილი პროკურატურისთვის, თუმცა მათი მხრიდან არ არსებობს არანაირი ინფორმაცია ძიების ან კვლევის მიმდინარეობის შესახებ. კაზრეთში არსებულ დისკრიმინაციულ და ღირსების შემლახველი გარემოს არსებობას ადასტურებს 26 სექტემბერს მომხდარი ფაქტიც, როდესაც კაზრეთში ჩასულ პროფკავშირის წარმომადგენლებზე, რომლებიც ცდილობდნენ გასაუბრებოდნენ დასაქმებულებს საწარმოს ტერიტორიის გარეთ, ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით დევნა და ვიდეო-თვალთვალი განხორციელდა", - განაცხადეს პროფკავშირების გაერთიანებაში.

მათივე თქმით, ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, Industriall Global Union-ი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ კომპანია RMG-ს ქმედებებს მიეცეს შესაბამისი მკაცრი შეფასება, რათა მომავალში ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა შელახვის ფაქტები თავიდან იყოს აცილებული. ეს ფაქტები თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და რეპუტაციას.