IDFI-ს ინფორმაციით, უეფა-ს სუპერთასზე დასასწრები ყველაზე მეტი ბილეთი თბილისის მერიასა და პარლამენტს გამოეყოთ

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, რვა საჯარო დაწესებულებას მიმოწერა ჰქონდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, სადაც ფედერაციას უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენაში დახმარებას სთხოვდნენ.

IDFI-ს ცნობით, საჯარო დაწესებულებები ითხოვდნენ დახმარების გაწევას მათი თანამშრომლებისათვის, თანამშრომლების კუთვნილი სახსრებით უეფა-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენაში.  აღნიშნულ რვა უწყებას ფეხბურთის ფედერაციის მიერ შესასყიდად სულ გადაეცათ 710 ბილეთი, აქედან ყველაზე მეტი - ქალაქ თბილისის მერიას და საქართველოს პარლამენტს.  არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ფეხბურთის ფედერაციას დახმარების თხოვნით მიმართა: თბილისის მერია - 240 ბილეთი, საქართველოს პარლამენტი - 200 ბილეთი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 50 ბილეთი, იუსტიციის სამინისტრო - 50 ბილეთი, საგარეო საქმეთა სამინისტრო - 50 ბილეთი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 50 ბილეთი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 50 ბილეთი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - 20 ბილეთი.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, ფინანსთა, შინაგან საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს პასუხი IDFI-ს მოთხოვნებზე დღემდე არ მიუწოდებია.