გიორგი აბაშიშვილი: ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის უზრუნველყოფას ვეღარ შეძლებს

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის აზრით, "ეროვნული ბანკის" შესახებ კანონის იმ სახით ამოქმედების შემთხვევაში, როგორითაც პარლამენტმა მიიღო, ეროვნული ბანკი ქვეყანაში ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის უზრუნველყოფას ვეღარ შეძლებს.

ამის შესახებ აბაშიშვილმა პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, "ეროვნული ბანკის" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას, დეპუტატების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა. "კონსტიტუციური ჩანაწერის მიხედვით, ეროვნული ბანკის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა. ვფიქრობ, რომ ეროვნულ ბანკს არ რჩება შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს კონსტიტუციური ფუნქცია შეასრულოს, ანუ უზრუნველყოს ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი რიგი მექანიზმები გადის ეროვნული ბანკიდან. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნულ ბანკს არ ექნება შესაბამისი წვდომა ინფორმაციაზე, ის ვერ მოახდენს რისკების იდენტიფიცირებას და შესაბამისად ვერ მოახდენს ყველა იმ მექანიზმის გამოყენებას, რომელიც არის დაკავშირებული ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფასთან. განვმეორდები, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება და იმის შესახებ, რომ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის ნაციონალურ ბანკებს სჭირდებათ ზედამხედველობების ფუნქციები, ასახულია ევროპის ცენტრალური ბანკის ანგარიშში, რაც გასაზიარებელია ამ საკითხზე მსჯელობის დროს", - განაცხადა აბაშიშვილმა.