ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის პროექტს კენჭს დღეს უყრიან

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის პროექტის კენჭისყრა გუშინ ვერ მოესწრო.

პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" პროექტის განხილვა დაასრულა, რის შემდეგაც მისგან გამომდინარე პროექტების განხილვა დაიწყო. "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 14 გამომდინარე პროექტი ერთვის თან.  იმის მიუხედავად, რომ მომხსენებელმა, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განმარტა, რომ გამომდინარე პროექტები ტექნიკურ ხასიათს ატარებს და კანონების არსებული სახით ძალაში დატოვებას ითვალისწინებს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გამომდინარე პროექტის გარშემო კითხვები მაინც დასვეს, ისარგებლეს დაზუსტებებით და სიტყვით გამოსვლის რეჟიმით. მათ კითხვები საბანკო სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დასვეს.

საბოლოოდ, საკითხის განხილვის დასრულება და კენჭიყრაზე გატანა ვერ მოესწრო. პარლამენტი პაკეტში არსებულ მეორე კანონპროექტზე – "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" პროექტზე გაჩერდა. სხდომა დღეს, 14:00 საათზე განახლდება. უმრავლესობა პრეზიდენტის შეთავაზებულ პროექტს მხარს არ უჭერს და ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.