ზურაბ ტყემალაძე: ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს უნდა მოჰყვეს

ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რა შედეგიც "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს უნდა მოჰყვეს,- აღნიშნული განცხადება გუშინდელ პლენარულ სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ გააკეთა, რომელიც დარწმუნებულია, რომ პარლამენტი პრეზიდენტის მის გამოყენებულ ვეტოს დაძლევს.

"შედეგი იქნება ის, რომ საფინანსო სექტორის საზედამხედველო მუშაობა უფრო სანდო იქნება. დღეს ის სანდო არ არის. არ ვიცი, ობიექტურად თუ არაობიექტურად, სამართლიანად თუ არა, მაგრამ ამდენმა აჟიოტაჟმა ეროვნული ბანკის მიმართ უნდობლობა დაამკვიდრა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახური უფრო გამჭირვალე იქნება და უფრო მეტ ნდობას დაიმსახურებს. კანონი მივიღეთ სისტემის სრულყოფისთვის და სისტემისადმი ნდობის მოსაპოვებლად", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

პარლამენტი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოსა და მის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ ალტერნატიულ პროექტზე მსჯელობს. არგუმენტები, რომლის საფუძველზეც გიორგი მარგველაშვილს საქართველოს ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა და ცალკე სსიპ-ის - საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბება მიზანშეუწონლად მიაჩნია, დეპუტატებს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა გააცნო.

პრეზიდენტის შეფასებით, ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფით ეროვნულ ბანკს ფინანსური სექტორის ზედამხედველობის უფლებამოსილება არ ექნება, რითაც რისკის ქვეშ დგება ეროვნული ბანკისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ამოცანის შესრულება - ფინანსური სექტორის სტაბილურობის ხელშეწყობა.