ლარის არასტაბულურობა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებს დიდ ზარალს აყენებს

ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის გამო, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ. განცხადებას ამის შესახებ "გადასახადების გადამხდელთა კავშირი" ავრცელებს.

„არასტაბილური ლარი, რომელიც პერმანენტულად უფასურდება, რთულ სიტუაციაში აგდებს იმ კომპანიებს, რომლებმაც გაიმარჯვეს ტენდერებში და აიღეს ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე. ვინაიდან ხელშეკრულების თანხა ლარში ფიქსირდება, კურსის ცვლილებით მიღებული ზარალი ზოგიერთ კომპანიას გაკოტრების, ხოლო სახელმწიფო ტენდერებს კი ჩაშლის საფრთხის წინაშე აყენებს“, - ნათქვამია „გადასახადების გადამხდელთა კავშირის“ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ლარის არაპროგნოზირებაში კურსის გამო კომპანიების ნაწილი თავს იკავებს მიმდინარე ტენდერებში მონაწილეობისგან, რაც ამცირებს კონკურენციას სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში.

„ტენდერებში მონაწილეთა რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, 11%-ით არის შემცირებული. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაატაროს ყველა ღონისძიება, რათა ხელი არ შეეშალოს სახელმწიფო ტენდერების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას“, - ნათქვამია „გადასახადების გადამხდელთა კავშირის“ განცხადებაში.