სასტუმროები შემოსავლის კლებას უჩივიან

საშინაო და საგარეო ფაქტორებმა სასტუმროები აზარალა. მათი ინფორმაციით, შარშანდელ ზაფხულთან შედარებით, წლეულს სტუმრების ნაკადი შემცირებული იყო. კერძო ბიზნესის წარმომადგენლები მიზეზად ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ასახელებენ. ამას ემატება გაზრდილი კონკურენცია, რაც ახალი სასტუმროების გახსნამ გამოიწვია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით სასტუმროების რაოდენობა იზრდება. ახალი ობიექტები ყველა სეგმენტზეა გათვლილი.

როგორც "რეზონანსს" ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, 2013 წელს საქართველოს დაემატა 30 ახალი ობიექტი, 2014 წელს კი- 60-ზე მეტი, 3200-ზე მეტი საწოლი ადგილი, ხოლო 2015 წელს 20- ზე მეტი, 3700-ზე მეტი საწოლი ადგილით. საქართველოში მუშაობა დაიწყო ისეთი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებმა როგორიცაა: "რიქსონ ბორჯომი ჰოტელი" (ბორჯომი), "ჰილტონ ჰოტელი" (ბათუმი), "მერკურ ჰოტელი" (თბილისი). საერთოდ კი 2015-17 წლებში იგეგმება 80-ზე მეტი სასტუმროს გახსნა (5 000-ზე მეტი საწოლი ადგილით).

კონკურენციის გამძაფრებას სასტუმროების მუშაობაზე დიდად არ უმოქმედია. შეკვეთების შემცირება, ძირითადად, გარე და შიდა ბაზარზე ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა ისიც, რომ ეროვნული თუ უცხოური ვალუტის გაუფასურებისგან გამოწვეული შოკი მაღალ სეგმენტზე გათვლილ სასტუმროების ნაწილს არ დასტყობია, პირიქით, ისინი სტუმრების რაოდენობის მატებაზეც კი საუბრობენ.

"105 ნომრიდან 5 ან 10 ოთახი გვქონდა თავისუფალი. სტუმრები უფრო ადგილობრივები იყვნენ, უცხოელები შედარებით ნაკლებად შეინიშნებოდნენ. სასტუმროში დავამატეთ ნომრები და, შესაბამისად, წინა წლებთან შედარებით, წელს გაზრდილი იყო ვიზიტორების რაოდენობა. დამსვენებლები, რომ მოგვეზიდა ზაფხულში 15%-იანი ფასდაკლებაც გვქონდა", - აცხადებს კახეთში მდებარე სასტუმრო "ლოპოტას" წარმომადგენელი გიორგი გავარდაშვილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საშუალო სეგმენტის ობიექტებში მოთხოვნა შემცირებული იყო.

შავი ზღვისპირეთის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლები ზაფხულის ცუდ სეზონს ფინანსური კრიზისით ხსნიან. მათი განმარტებით, ვალუტის გაუფასურების ტალღამ, საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებსაც შეუქმნა პრობლემა და ამიტომ სტუმრები, რომელიც ზაფხულში ჩამოვიდნენ, ნაკლებად მხარჯველები იყვნენ.

"ძალიან ცუდი სეზონი გვქონდა, რაც კრიზისით იყო გამოწვეული. წინა წლის ზაფხულთან შედარებით, შეკვეთა 40%-ით მაინც იყო შემცირებული. ჯავშანს აუქმებდნენ ან როდესაც ჩამოვიდოდნენ, იაფფასიან სასტუმროებში ამჯობინებდნენ გაჩერებას. ერთ-ერთი მიზეზი ლარის გაუფასურება იყო, თუმცა მხოლოდ ესეც არა. სხვა გარე ფაქტორებმაც მოახდინეს ზეგავლენა. წელს ტურისტები იაფფასიანი სასტუმროების ძიებაში იყვნენ. აგვისტოში, რომ 30-ლარიან სასტუმროს იკითხავ, ეს უკვე სერიოზული კრიზისის მანიშნებელია. ჩვენთან ადგილობრივი ნაკლებად იყო, უფრო უცხოელები ჩერდებიან. მათგან აქტიურობით გამოირჩეოდნენ რუსები, უკრაინელები, სომხები და აზერბაიჯანელები. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი დაეცა, ფასი არ გაგვიზრდია, პირიქით, სტუმრების მოზიდვის მიზნით უფრო შევამცირეთ. ბოლო პერიოდში სასტუმროების რაოდენობა იზრდება, თუმცა ეს დიდ გავლენას არ ახდენს არც დაჯავშნაზე და არც ფასზე. რაც მეტი სასტუმრო იქნება უკეთესია, მით მეტად მიმზიდველი გახდება ჩვენი საზღვაო კურორტი", - აღნიშნა ქობულეთში მდებარე სასტუმრო "პონტოს"  მფლობელმა ირმა ზიზიკაშვილმა.

რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში არსებული ეკონომიკური პრობლემები ქართულ ტურიზმსაც შეეხო, რადგან ვიზიტორები, ძირითადად, მეზობელი ქვეყნებიდან იყვნენ.

ასე მასშტაბურად შექმნილმა რთულმა ეკონომიკურმა ვითარებამ სასტუმროებს შეკვეთა შეუმცირა. დაჯავშნის მაჩვენებლის კლებას ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებენ ურეკში მდებარე სასტუმრო "კოლხიდაშიც". შარშან ზაფხულს ისინი 90%-იანი დატვირთვით მუშაობდნენ, წლევანდელ სეზონზე კი მხოლოდ 70% ჰქონდათ ათვისებული.

"90 ნომერი გვაქვს სულ. მთელი ზაფხულის განმავლობაში 70%-იც არ ყოფილა დატვირთვა. ძალიან ცუდი სეზონი გამოვიდა. შარშან კარგი მუშაობა იყო. შეიძლება ითქვას, სტუმრების ნაკადმა წელს 20%-ით იკლო. გარდა ამისა, კონკურენცია გაიზარდა, ძალიან ბევრი სასტუმროა და ნომრებზე ფასი ამ მიზეზითაც შევამცირეთ", - აცხადებს ურეკში მდებარე სასტუმრო "კოლხიდას" მენეჯერი ხატია სარჯველაძე.

მძიმე ზაფხული ჰქონდა სასტუმროების ქსელ "რჩეულსაც". როგორც მათმა წარმომადგენელმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, წლევანდელ სეზონზე სტუმრებს ქამრების შემოჭერა უხდებოდათ, რამაც მათი შემოსავლის განახევრება გამოიწვია. რაც შეეხება ვიზიტორთა რაოდენობას, შარშანდელთან შედარებით, წლევანდელ სეზონზე სხვაობა 10%, ხოლო ქალაქ სიღნაღის შემთხვევაში 20% იყო. "წლევანდელი სეზონი აქტიურობით არ გამოირჩეოდა. ჩვენ სასტუმროების ქსელი გვაქვს თელავში, სიღნაღში, ქუთაისსა და ბათუმში. მთლიანად, რომ შევაჯამოთ, ქსელში 10%-იანი შემცირება აღინიშნა. შემოსავალმა იკლო, მზარდი კონკურენციის პირობებში ფასი შევამცირეთ და რაღაცნაირად ვერგებით მომხმარებელს იმიტომ, რომ არ დავკარგოთ სტუმარი. კურსის ცვალებადობამაც დიდი როლი ითამაშა ამაში და შემოსავალი თითქმის გაგვინახევრდა," - აცხადებს სასტუმროების ქსელის დირექტორის მოადგილე მაკა ლომიძე.

მარიამ აფციაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"