"ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო, პურის ფასის მატებაზე საუბარი ნაადრევია"

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო პურის ფასის მატებაზე საუბარი ნაადრევია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, გამორიცხავს თუ არა ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის გამო პურის ფასის მატებას. "ჯერ არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს, ვინაიდან ეს ხვედრითი წილი ზოგადად და კონტრიბუცია ელექტროენერგიის არ არის კრიტიკული, ამიტომ არსებობს სხვადასხვა სახის ბიზნესმოდელი, სხვადასხვა ტექნოლოგია. ამიტომ რთულია ამაზე ან კი ან არა გიპასუხოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და რაც გვეხელეწიფება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს", - განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, მაქსიმალურად უწყობენ ხელს როგორც დარგს და იმ მეწარმეებს, რომლებიც აწარმოებენ პურს. მინისტრი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ყველა დაბრკოლება მინიმუმამდე დაიყვანონ. როგორც დანელიამ განაცხადა, სწორედ ამ მოტივით გადაავადეს ფქვილის რეგლამენტი 1-ელ იანვრამდე.