მთავრობა პარლამენტში "ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ" პროექტით შევიდა

იქმნება ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება და საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს დამოუკიდებლად განახორციელებს.

ამას "ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში მთავრობის ინიციატივით შევიდა.  პროექტის მიზანად სახელდება ტექნოლოგიური ინსტიტუტის - ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა და ფუნქციონირება.

პროექტის მიხედვით, ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფუნქციებია: - ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო სამეცნიერო კვლევების განვითარებისათვის ხელისშეწყობა; ფუნდამენტური კვლევების მიმართულებების განსაზღვრა და საერთაშორისო აღიარების მოპოვება, სტუდენტების პიროვნული პოტენციალის რეალიზების, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარების, თანამედროვე მოთხოვნათა შესატყვისი კომპეტენციების გამომუშავებისათვის ხელისშეწყობა; მკვლევართა მომზადება და მათთვის თანამედროვე სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევების პირობების შექმნა; განათლებისა და მეცნიერების ხარისხის უწყვეტი ამაღლებისათვის პირობების შექმნა; სადოქტორო, სამაგისტრო და უმაღლესის შემდგომი კვლევითი პროგრამების განხორციელება; ტექნოლოგიების დანერგვისათვის ხელშეწყობა; საერთაშორისო კვლევებში ჩართვა და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინირებული საქმიანობა; დარგობრივი თუ დარგთაშორისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევების ახალი მიმართულებების შექმნა; უცხოელ პარტნიორებთან საკონსულტაციო სამუშაოების წარმოება, აგრეთვე სხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

კანონპროექტის გათვალისწინებით, ტექნოლოგიური ინსტიტუტის მართვის ორგანოები იქნება: ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, სამეცნიერო საბჭო და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო. აღმასრულებელ დირექტორს სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ასევე პროექტის მიხედვით, ინსტიტუტის წესდებას აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით სამეცნიერო საბჭო დაამტკიცებს, ხოლო საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დებულებას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო ამტკიცებს.

კანონპროექტით გათვალისწინებულია ტექნოლოგიური ინსტიტუტისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის განსხვავებული რეჟიმი. კერძოდ, ტექნოლოგიური ინსტიტუტი ავტორიზებულად ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებისა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცებისთანავე ჩაითვლება, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტებულად ითვლება მათი დამტკიცებისთანავე. რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, ამასთან დაკავშირებით პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამია, რომ ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული სამუშაოები დაყოფილია სამ ეტაპად, რომელთა საერთო ღირებულება 10 წლის განმავლობაში 210 767 360 ევროს შედგენს - აქედან პირველ ეტაპზე (2015 – 2017 წწ.) 130 344 630 ევრო, მეორე ეტაპზე (2018 – 2024 წწ.) 78 502 730 ევრო. განმარტებით ბარათში აღნიშნულია ისიც, რომ პროექტის საფინანსო უზრუნველყოფა კერძო ინვენსტიციებითა და გრანტებით განხორციელდება.