პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ყველა სახეობის პურის შეფუთვა აუცილებელი არ უნდა იყოს

პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე მიიჩნევს, რომ პურს, რომელიც მაღაზიებში და დახლებზე ხვდება , აუცილებელია ჰქონდეს შემადგენლობასა და ხარისხთან დაკავშირებით დოკუმენტი.

როგორც მალხაზ დოლიძემ განაცხადა, პურის რეგლამენტი ვერ დაავალდებულებს კომპანიებს ყველა სახის პურის შეფუთვას, რადგან ეს არ არის რეკომენდირებული. "ყველა პურის შეფუთვა აუცილებელი არ უნდა იყოს, ვერც შეფუთავ ქართულ პურს. პურს უნდა ჰქონდეს დოკუმენტი, ფაქტურა, ზედდებული, მაღაზიაში რომ მიიტანენ. ზაფხულში პურის შეფუთვა არარეკომენდირებულია, რადგან შეფუთულ პურს შეიძლება კარტოფილის დაავადება გაუჩნდეს. ყველა პურს უნდა ჰონდეს დოკუმენტი, რომ მისი შემადგენლობა ასეთია", - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

მისი თქმით, დღეს ბაზარზე სხვადასხვა ხარისხის პური იყიდება. "არის კარგი, არის მათ შორის ვიტამინებით გაბერილი, არის დანამატებით გაჯერებული, ძალიან ბევრნაირია, ათასი ასორტიმენტია. არის ინტენსიური ტექნოლოგიებით დამზადებული, არის კლასიკური ტექნოლოგიებით დამზადებული. გააჩანია რომელს აირჩევს მომხმარებელი. არის 28 თეთრიანი, არის 90 თეთრიანი და 3 ლარიანი. ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა და კონკურენციაც ძალიან დიდია", - განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, პურპროდუქტების დარგში მაღაზიებში სრული სიბნელეა.  "პურის გაყიდვას აქვს თავის წესები, პური უნდა შედიოდეს მაღაზიაში ღამის საათებში. პური უნდა იყიდებოდეს დილის საათებში. ჩვენთან ყველას პური უნდა დილის საათებში და ცხელი. ჩვენ ის არ ვიცით პური როგორ უნდა იყიდებოდეს, აქედან უნდა დავიწყოთ. მომხმარებლების უმეტესობამ უნდა მოითხოვოს ის პური, რომელიც მოსწონს მას. მაგრამ მაღაზიებს არ აინტერესებთ მომხმარებლის ინტერესები, საიდანაც მეტი რჩება, ის პური აინტერესებს და არა პურის ხარისხი", - აცხადებს დოლიძე.

პირველი იანვრიდან პური შეფუთვისა და ეტიკეტირების გარეშე აღარ გაიყიდება.  "პურის რეგლამენტზე მუშაობა გასულ კვირას დასრულდა. დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა შემიძლია ზოგადად გითხრათ, რომ ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რომელი ხარისხის ფქვილისგან არის გამომცხვარი პური, ხოლო პურის შიგთავსი სრულად უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობას", - განაცხადა სოფლის მეურეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. მისივე თქმით, არსებობს სტანდარტი, რომლის თანახმადაც, კონკრეტული წარმადობის პირობებში, მეწარმემ განსაზღვრული რაოდენობის პური უნდა გამოაცხოს.