დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონს შეხვდა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრო მსოფლიო ბანკის ყოფილი რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხისმგებელი პირები. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად მიმოიხილა პროექტები, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს. საუბარი ასევე წარიმართა არსებულის განვითარებასა და ახალი პროექტების ინიცირებაზე, რომლებიც მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.

ბანკის ახალმა რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა გამოხატა დადებითი დამოკიდებულება არსებული პროექტების მიმდინარეობის მიმართ და შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკი კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოში დაწყებული პროექტებისა და მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მხარდაჭერას.