"თუ ოდნავ გავზრდით ღვინის მოხმარებას, ჭარბი ყურძენი საქართველოში არ გვექნება"

მევენახეები კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში უკმაყოფილებას გამოხატავენ 2015 წლის მოსავლის ყურძენზე არსებული ფასების გამო. ამის გამო მათ 7 სექტემბერს სიღნაღის რ-ნის სოფ. ვაქირში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების აზრით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ფასების რეგულირება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ღვინის საინფორმაციო ცენტრი ესაუბრა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, გიორგი სამანიშვილს.

- მევენახეები უკმაყოფილონი არიან სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, არ ჩაერიოს ფასების რეგულირებაში. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- დიახ, სახელმწიფოს გადაწყვეტილებაა ფასების საკითხში ჩაურევლობა. სწორედ ამიტომ გაიყო სახელმწიფო სუბსიდია და კომპანიების მიერ დაწესებული თანხა. სუბსიდიას სახელმწიფო აძლევს პირდაპირ გლეხს. დანარჩენზე ყურძნის მყიდველი და გამყიდველი თავად შეთანხმდებიან - ფასზე, ხარისხზე და გადახდის პირობებზე. მხოლოდ მათ იციან, რა ხარისხის ყურძენში რა ფასია მისაღები. ზოგადად, ბაზარმა ყველაზე კარგად იცის, რა უნდა ღირდეს ყურძენი, გამომდინარე იქიდან, შემდეგ რა უნდა ღირდეს ღვინო. აქ ხელოვნური ჩარევა მხოლოდ აზარალებს საქმეს.  სახელწიფოს აქვს ასეთი მიდგომა - ყურძნის ფასი მის თვითღირებულებაზე დაბალი არ იქნება, ყურძნის მწარმოებელი არ უნდა დაზარალდეს. ამისთვის არის სუბსიდია და სახელმწიფოს მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ყურძნის ჩაბარება. როცა ვამბობთ, რომ სახელმწიფომ, შესაძლოა, ჩაიბაროს ჭარბი ყურძენი, ეს იქნება საბაზრო ფასიდან გამომდინარე, საბაზრო ფასზე ოდნავ ნაკლები. თუ შენარჩუნდება ის ფასი, რაც კომპანიებმა დააფიქსირეს, ეს იქნება თვითღირებულებაზე, დაახლოებით, ორჯერ მეტი. თუმცა ეჭვი მეპარება ეს ფასი შენარჩუნდეს. მოთხოვნა გაცილებით ნაკლებია.

- როგორც ვიცით, სახელმწიფოს განზრახული აქვს მის საკუთრებაში მყოფი კომპანია "გრუზვინპრომის" გაყიდვა. ასეთ შემთხვევაში როგორ ჩაიბარებს სახელმწიფო ჭარბ ყურძენს?

- სახელმწიფოს საკუთრებაში ორი კომპანიაა - "გრუზვინპრომი" და "აკურა". თუ გრუზვინპრომი გაიყიდება, საჭიროების შემთხვევაში, ჭარბ ყურძენს ჩაიბარებს აკურა. თუმცა, დიდი ალბათობით, რთველის დასრულებამდე სახელმწიფო "გრუზვინპრომს" არ გაყიდის.  სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი ღვინის მარანი ყურძენს თავად არ გადაამუშავებს, არამედ ის ქირაობს სხვა კომპანიებს. შარშან 26 მარანთან გვქონდა ხელშეკრულება დადებული და ამ საწარმოებში პარალელურად მუშავდებოდა სახელმწიფოს მიერ შესყიდული ყურძენი.

- რა რეკომენდაციას მისცემდით მევენახეებს, ვინც უკმაყოფილოა ყურძნის ამჟამინდელი ფასით?

- ვისაც კარგი ყურძენი აქვს, ის უფრო შეძლებს გაყიდვას. ვისაც საშუალო ხარისხის ყურძენი აქვს და ვერ ახერხებს რეალიზაციას, შეუძლია ბაზარში გაყიდოს, კერძო პირებს მიჰყიდოს, სახლში დაწუროს.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მევენახე დაუბრუნდეს ღვინის სახლში დაყენების ტრადიციას და საკუთარ ქვევრებს, რომლებიც მიტოვებულია. ყურძენზე არსებული მაღალი ფასის გამო მევენახე სახლში ყურძენს არ იტოვებდა, უმეტესად ყურძნად აბარებდა. ანუ, თუ ისინი დაუბრუნდებიან სახლში მეწარმეობას, ეს წაადგება როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე ღვინოს. მევენახესაც უფრო კარგი შემოსავალი ექნება.

იხილეთ გაგრძელება