2014 წელს საქართველოდან მოცვის ექსპორტმა 148 ათასი აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოში ცოტა ხნის წინ გამართული ამბასადორიალის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ელჩებს ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტი წარუდგინა.

პრიორიტეტული პროდუქტების ნუსხაში თხილის, ვაშლის, მოცვის, ბლის, მანდარინის, ატმის, ხურმის, კიტრის, პომიდვრის, ხახვის, სტაფილოს, მწვანილის, კარტოფილის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის, ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, მტკნარი წყლის თევზის, რძის პროდუქტების, თაფლის, ჩაისა და ხორბლის წარმოება მოხვდა.

მოცვის წარმოებას მოცემულ ნუსხაში მესამე ადგილი უკავია. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოცვის ექსპორტი 2013 წელს განხორციელდა და მან 6 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წელს კი ექსპორტის თანხობრივი მაჩვენებელი 148 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, 2014 წლის მონაცემების მიხედვით, რუსეთში გატანილმა მოცვის რაოდენობამ 92%, ხოლო დიდ ბრიტანეთში გატანილმა მოცვის რაოდენობამ 8% შეადგინა.

ფინანსური მაჩვენებლები კი, რომლებიც 2015 წლის იანვარ-თებერვალში არსებული მონაცემების საფუძველზეა გაანგარიშებული და პირობით გათვლებს ეყრდნობა, მოცვის შემთხვევაში ასე გამოიყურება: 1 ჰა ფართობზე (ბაღი) საწყისი საინვესტიციო კაპიტალი 30 460 ლარს შეადგენს. უკუგების პერიოდი მე-5 წელია, რენტაბელობის შიდა ნორმა ( 7 წელი) - კი 32 %.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოცვზე მაღალი სასურსათო ღირებულების გამო მოთხოვნა მზარდია. იგი საკმაოდ კარგად ხარობს მჟავე ნიადაგებზე. მოცვს, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში აწარმოებენ. მოცვის მოსავლის აღების პერიოდი ივნისში იწყება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. საქართველოში მოცვის ინტენსიური ბაღები ნაკლებადაა წარმოდგენილი, ეს მიმართულება განვითარების პროცესშია. ბაზარზე არასტაბილური და დაბალი მიწოდება განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მოცვის მიმწოდებლები, ძირითადად, ველური მოცვის შეგროვებით არიან დაკავებულნი. ველური მოცვი, შესაძლოა, ჩაითვალოს ბიოპროდუქტად, რადგან იგი საქართველოში ტყეებში მოიპოვება.