"დოლარში გაცემული სესხები მთელი საბანკო პორტფელის დაახლოებით 63%-ს შეადგენს"

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის მიმართვამ ჩვენი საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია: ქადაგიძე კომერციულ ბანკებს ურჩევს, რომ მოსახლეობისთვის უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს გადახედონ, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორს არა აქვს ამის ვალდებულება და ყველაფერი მხოლოდ ბანკების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ქადაგიძე ბანკებს სთხოვს, პრობლემური სესხების შემთხვევაშიც ლოიალური მიდგომა გამოიჩინონ: "არაფერი არ არის გასაკვირი და უცნაური იმაში, რომ მოსახლეობის ნაწილს გაურთულდა სესხების მომსახურება. ჩვენმა მოქალაქეებმა, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვან პრობლემად იქცა, უნდა მიაკითხონ საკუთარ კომერციულ ბანკებს და მოითხოვონ სესხის რესტრუქტურიზაცია", - აცხადებს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი. ბუნებრივია, მისმა ინიციატივამ საქართველოში ბევრი დააინტერესა. არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ეს მიმართვა სავსებით ლოგიკურია.

"ეს არ არის ახალი ინიციატივა, რადგან გიორგი ქადაგიძემ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მიმართა ბანკებს ანუ მაშინ, როდესაც ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება დაიწყო. კომერციული ბანკების ნაწილი მაშინ ამ ინიციატივას გამოეხმაურა, მათ შორის, დიდი ბანკებიც იყვნენ, რომლებმაც დოლარში გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციის პროცესი მართლა დაიწყეს. ზოგადად, არ არის კარგი, როდესაც ბიზნესს, კომერციულ სტრუქტურებს ვიღაც რაღაცას ავალებს, ეროვნულ ბანკს არცა აქვს იმდენი გავლენა, რომ კერძო ბანკებს რაღაც დაავალოს, მაგრამ ეს ერთგვარი კეთილი ნება უნდა იყოს. კომერციული ბანკის უფლებაა, გაუწევს შეღავათს თავის კლიენტს, თუ არა. ფაქტია, რომ პირველ ეტაპზე ბანკებმა ასეთი ნება გამოავლინეს და კარგია, თუ ისინი ამ პროცესს გააგრძელებენ", - ამბობს გიორგი კეპულაძე.

მისი შეფასებით, ქართული ეკონომიკა ძალიან მაღალ დონეზეა დოლარიზებული, რასაც ციფრებიც ადასტურებს: "დოლარში გაცემული სესხები მთელი საბანკო პორტფელის დაახლოებით 63%-ს შეადგენს - 2015 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით საკრედიტო პორტფელი გაიზარდა 51 მილიონი ლარით და გადააჭარბა 15 მილიარდ ლარს, ამ თანხის 63% დოლარშია გაცემული. გაზრდილია ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობაც" - აღნიშნა კეპულაძემ ჩვენთან საუბრისას.

"1 ივლისის მდგომარეობით, ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობაც გაზრდილია. ეს სესხები დოლარშია გაცემული, მსესხებელთა ძირითადი შემოსავალი კი, ეროვნულ ვალუტაშია, რაც თავისთავად ქმნის პრობლემებს. დაახლოებით ერთ წელიწადში ლარის კურსი ძალიან დაეცა და დღეს ყოველ 100 დოლარზე მსესხებელს 60 ლარით მეტის გადახდა უწევს, ადვილი მისახვედრია, რამდენად გაეზარდა დანახარჯები იმას, ვისაც 3 ათასი, ან 4 ათასი დოლარის სესხი აქვს აღებული. ამიტომ, ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 2014 წლის აპრილთან შედარებით დაახლოებით 22 პროცენტით არის გაზრდილი და კარგა ხანია, რაც 200 მილიონს გადააჭარბა. ეს სესხები სხვადასხვა სახისაა: სამომხმარებლო, იპოთეკური, ასევე საკრედიტო ბარათები, რომელთა მომსახურებასაც კლიენტი ვეღარ ახერხებს. როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აქვს მონაცემები ამის თაობაზე და ამიტომაც ურჩია კომერციულ ბანკებს, სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. როდესაც ინდივიდუალურად ვიღაცას პრობლემა შეექმნება, ბანკი მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოექცეს კლიენტს და არ ჩააგდოს ის გამოუვალ მდგომარეობაში. ისე კი, როდესაც ადამიანი სესხს იღებს, კიდეც უნდა გადაიხადოს, რადგან ეს მისი გადაწყვეტილებაა. თანაც, დავაკვირდეთ საიდან მოვდივართ: ალბათ გვახსოვს 1990-იანი წლების ქართული საბანკო სექტორი, რომელიც ორნიშნა საპროცენტო განაკვეთებით გამოირჩეოდა, ჩვენ დღეს ერთნიშნა საპროცენტო განაკვეთებს მივაღწიეთ, რაც ჩვენი ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის მიღწევაა. რა თქმა უნდა, თუ განვითარებულ ქვეყნებს შევადარებთ, ძალიან მაღალი განაკვეთები გვაქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ და სად ვიყავით თუნდაც 10-15 წლის წინ", - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.

ექსპერტი სოსო არჩვაძე კი მიიჩნევს, რომ ადამიანმა თავიდანვე არ უნდა ჩაიგდოს თავი სარისკო მდგომარეობაში.

"დღეს საქართველოშო ძალიან ბევრ ოჯახს აქვს აღებული სესხი დოლარში. გაცემული სესხების 3/5 სწორედ დოლარშია აღებული. ქართულ ეროვნულ ვალუტას ამ მიმართულებით ჯერჯერობით მოკრძალებული ადგილი უჭირავს. ფაქტია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სერიოზულ სიძნელეებს განიცდის, რადგან ლარის კურსის დაცემის გამო სოლიდური თანხის გადახდა უწევს. როგორც იტყვიან, ჩხუბის შემდეგ ხელებს არ იქნევენ, მაგრამ კარგი იქნებოდა, თავის დროზე სესხი იმ ვალუტაში აეღოთ, რა ვალუტაშიც სტაბილური შემოსავალი აქვთ. ისიც ფაქტია, რომ ლარის გაუფასურების გამო მოსახლეობას რამდენიმე ათეული მილიონი ლარით ზედმეტის გადახდა უწევს. მე ახლა კონკრეტული ციფრის დასახელება მიჭირს იმიტომ, რომ სიტუაცია ყოველდღე იცვლება, მაგრამ დაახლეობით 2 თვის წინ ჩვენს მოსახლეობას შარშანდელთან შედარებით დაახლოებით ასი მილიონი ლარით მეტის გადახდა უწევდა, დღეს ეს ციფრი კიდევ უფრო გაზრდილია", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

სოსო არჩვაძის აზრით, ეროვნული ბანკის წინადადებას კომერციულმა ბანკებმაც მხარი უნდა აუბან. 

"ეროვნული ბანკი ერთ-ერთი ძირითადი ბირთვია საბანკო სექტორისა, ზედამხედველობაც ჯერჯერობით მის ხელთ არის, ამიტომ, ეს წინადადება გარკვეულწილად მხარდაჭერას საჭიროებს, ახლა მთავარია კომერციულმა ბანკებმაც ანალოგიური ნაბიჯი გადადგან და თავიანთ კლიენტურას ანგარიში გაუწიონ. მით უმეტეს, რომ ეს მათ ინტერესებშიც შედის. აქვე აგიხსნით, რატომ - ხისტი მიდგომის წყალობით ბანკებმა შეიძლება ამოიღონ კუთვნილი თანხა, მაგრამ ერთჯერადი მოგება არც ერთ ბანკს ხელს არ აძლევს: კომერციულ ბანკს სჭირდება მაღალი გადახდისუნარიანობის მქონე კლიენტები, რომლებიც სისტემატურად შეძლებენ სესხის აღებას და მის დროულ გასტუმრებას. თუ მოსახლეობა საერთოდ გაკოტრდება და გადახდის საშუალება არ ექნება, მაშინ ბანკს თავისი ფუნქციები ეკარგება. თუ ხალხს ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენებთ, რომ ქონება გაყიდოს, ან ქვეყანა დატოვოს, შესაბამისად, ის ბაზა, საიდანაც საბანკო სექტორი სულდგმულობს, აღარ იარსებებს, დაიშრიტება და გაქრება. შესაბამისად, კომერციული ბანკების ინტერესებშიც შედის, რომ ქვეყანაში იყოს რაც შეიძლება მრავალრიცხოვანი ფენა გადახდისუნარიანი მოსახლეობისა, რომელიც ბანკიდან სესხის აღებასაც შეძლებს და მის გასტუმრებასაც. ამაში მოსახლოებას ხელი მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

ხათუნა ჩიგოგიძე