საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე განხილულ საკითხს ეხება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბიზნესომბუდსმენის აპარატს, უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ადმინისტრაციული (არასასამართლო) წესის გაუქმებასთან დაკავშირებით, პოზიცია არ შეუცვლია და საკანონმდებლო პაკეტის წარმოდგენილი სახით მიღება გაუმართლებლად მიაჩნია.

"ამასთან, აღნიშნული საკითხის თაობაზე, ბიზნესომბუდსმენის აპარატს სურს, დამატებით რამდენიმე საკითხი განმარტოს.  ცხადია, ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომ სასამართლო წესით უფლების დაცვა უფრო მაღალი სტანდარტია, ადმინისტრაციულ წესთან შედარებით, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტა მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას დავუქვემდებაროთ. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის (საკუთრების უფლება) შინაარსიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულება შექმნას ისეთი საკანონმდებლო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრების უფლების სწრაფ და ეფექტურ დაცვას. შესაბამისად, კონსტიტუციით, საკუთრების უფლების დაცვის ექსკლუზიური უფლების მქონედ მხოლოდ სასამართლო არ მიიჩნევა.

ამასთან, გასათვალისწინებელია სასამართლო სისტემაში დღეს არსებული ვითარება - საქმეთა სიმრავლის გამო, საქმის განხილვის დროში გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრების უფლების დაცვის ამ მექანიზმის ეფექტურობას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე (სასამართლოში საქმეთა განხილვის გახანგრძლივების რისკის აღმოფხვრამდე) არანაკლებ 3-5 წლის განმავლობაში, უნდა შენარჩუნდეს საკუთრების უფლების დაცვის არსებული სტანდარტი, როგორც საკუთრების უფლების დაცვის ეფექტური საშუალება, რაც გულისხმობს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ადმინისტრაციული წესით (საპოლიციო და სააღსრულებო წესით) აღკვეთის შესაძლებლობას.  ამასთანავე, მიმდინარე ეტაპზე, ალტერნატივის სახით უნდა შეიქმნას ამ კატეგორიის დავებზე სასამართლო წესით უფლების დაცვის უფრო ეფექტური საპროცესო მექანიზმი, რაც საქმის განხილვის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, საქმის განხილვის ვადის 1 თვემდე შემცირებას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის დადგენისა და სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას გულისხმობს. ამდენად, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული წინადადებების (რაზეც გუშინდელი შეხვედრის მონაწილეებმაც ისაუბრეს) გაზიარება, მოცემულ სიტუაციაში, საუკეთესო გამოსავალია", -ნათქვამია განცხადებაში.