ირმა ქავთარაძე: 6 თვის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციების რაოდენობამ 530 მლნ დოლარი შეადგინა

2015 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციების რაოდენობამ 530 მლნ აშშ დოლარი შეადგინა , რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ განაცხადა, რომელმაც 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ წინასწარი მონაცემები წარმოადგინა.

როგორც ქავთარაძემ აღნიშნა, 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელდა 354 მილიონ 700 ათასი დოლარის ოდენობით უცხოური ინვესტიცია, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის 82%-ით აღემატება და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ.  მისივე თქმით, ეს მონაცემი 2013 წლის მაჩვენებელს 70%-ით აღემატება. "სექტორების მიხედვით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე მოდის, სადაც 207 მლნ. 400 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი ინვესტიციების რაოდენობის 58%-ზე მეტს შეადგენს. ამას მოჰყვება საფინანსო სექტორი - 41 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით ინვესტიცია, დამამუშავებელი მრეწველობა 30 მლნ აშშ დოლარი და ა.შ.", - განაცხადა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი დაფიქსირდა უძრავი ქონების სექტორში, ზრდის ტემპმა 264% შეადგინა.  "მას მოსდევს ტრანსპორტისა და კავშირგამბულობის სექტორი, სადაც ზრდის ტემპმა 83%-ზე მეტი შეადგინა, თუმცა როგორც აღვნიშნე, ყველაზე დიდი ოდენობით ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში იქნა განხორციელებული", - განაცხადა ქავთარაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ასევე კარგი მონაცემებია 2015 წლის 6 თვის მონაცემებით, რაც პირველ და მეორე კვარტალს მოიცავს. კერძოდ, 2015 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობამ ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა და 530 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ.  "ამ პერიოდში სექტორების მიხედვით, ყველა დიდი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში, შემდეგ მოდის საფინასო სექტორი, მშენებლობა, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ინვესტიციები აისახება საქართველოს ეკონომიკაზე დადებით აისახება. ბიზნესსექტორში დასაქმება 2015 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, თითქმის 61 000 კაცით გაზრდილია. ეს გახლავთ 12%-იანი ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბიზნესექტორის ბრუნვა გაზრდილია 16%-ით და მილიარდ 800 მილიონი ლარით. ხელფასები ბიზნესსექტორში კი გაზრდილია 10%-ით", - განაცხადა ქავთარაძემ.