ლარის გაუფასურებამ ვერც ექსპორტი წაახალისა

ლარის დევალვაცია ექსპორტის გაზრდას, საექსპორტო საქონლის გაიაფებასა და საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას გამოიწვევს, - საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, იუჰა კაჰკონენმა ეს პროგნოზი მაისში, საქართველოში ვიზიტის დროს გააკეთა.

თუმცა, მისი პროგნოზი არ გამართლდა. პირიქით - 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი საქართველოდან 24 პროცენტით შემცირებულია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე ექსპორტმა 1 269 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა მაშინ, როდესაც 2014 წლის იგივე პერიოდში 1 665 მილიონი აშშ დოლარი იყო.

რატომ ვერ გამოვიყენეთ ეროვნული ვალუტის გაუფასურების დადებითი მხარეები? ამას ექსპერტები იმ ქვეყნებში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას უკავშირებენ, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობის ქართული პროდუქცია გადის ექსპორტზე.

"ექსპორტის შემცირება საგარეო ფაქტორებმა გამოიწვია. იმ ქვეყნებში, სადაც ხდება ჩვენი ექსპორტი, ბაზრების სიდიდე და მომხმარებელთა შემოსავალი მცირდება, ეროვნული ვალუტა ამ ქვეყნებშიც გაუფასურდა, ეკონომიკა არ იზრდება და აქედან გამომდინარე მათი მსყიდველობითუნარიანობა მცირდება. ეს არის ძირითადი მიზეზი", - აღნიშნა bpn-თან საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა, აკაკი ცომაიამ.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის პირველ ნახევარში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა, დსთ-ის ქვეყნებში კი, სადაც ეროვნული ვალუტების დევალვაცია მოხდა, შემცირდა.

კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტის საერთო რაოდენობის 32 პროცენტი ევროკავშირში განხორციელდა, დსთ-ის ქვეყნებში - 25 პროცენტი, ხოლო სხვა დანარჩენ ქვეყნებში - 43 პროცენტი. რაც შეეხება 2014 წლის იგივე პერიოდს, ექსპორტის საერთო წილის 27 პროცენტი იყო ევროკავშირში, დსთ-ს ქვეყნებში კი 39 პროცენტი.

ექსპერტ სოსო არჩვაძის თქმით, ექსპორტის საერთო რაოდენობის შემცირება 2015 წელს, 2014 წლის პერიოდთან შედარებით, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:

"უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ექსპორტის შემცირებაში თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს მიერ რეექსპორტის შემცირებამაც. მაგალითად, მხოლოდ აზერბაიჯანში ჩვენი რეექსპორტი თითქმის 300 მილიონი დოლარით შემცირდა. ვგულისხმობ ავტომობილების ექსპორტს. თუმცა, მხოლოდ საქართველოში არ შემცირებულა ექსპორტი. მაგალითად, ჩინეთშიც, რომლის ეკონომიკაც წლების განმავლობაში საოცარი ზრდის მაგალითს იძლეოდა, ექსპორტის მოცულობა მცირდება. ეს უნდა ავხსნათ გლობალური პროცესებით, მსოფლიო რეცესიით, ერთობლივი მსოფლიო მოთხოვნების შემცირებით", - ამბობს სოსო არჩვაძე. 

ეკონომიკის ექსპერტთა თქმით, იმისათვის, რომ ექსპორტის კლების ტენდენცია არ შენარჩუნეს, საჭიროა ბაზრების დივერსიფიკაცია, რათა საქართველო მხოლოდ რამდენიმე ბაზარზე არ იყოს დამოკიდებული და ქართულ პროდუქციას გასასვლელი ბევრ სხვადასხვა ბაზარზე ჰქონდეს.

თამთა ჯიჯავაძე