ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის მე-16 ადგილს იკავებს

ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის მე-16 ადგილს იკავებს. ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (The International Budget Partnership) მიერ "ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2015"-ის (Open Budget Survey 2015) შედეგები გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის საქართველომ 66 ქულით მე-16 ადგილი დაიჭირა (http://internationalbudget.org/wp-content/uploads/OBS2015-OBI-Rankings-English.pdf), რითაც 2012 წლის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით პოზიციები მნიშნველოვნად გაიუმჯობესა (2012 წლის ინდექსის თანახმად, საქართველო 33-ე ადგილს იკავებდა. http://internationalbudget.org/wp-content/uploads/OBI-2012-Rankings-English.png).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პოზიციით საქართველო მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების (Substantial Transparent) რიგში მოექცა და წინ უსწრებს რეგიონის ყველა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას.

აღნიშნულ კვლევას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული კვლევა და ღია ბიუჯეტის ინდექსის დადგენა 2-3 წელიწადში ერთხელ ხორციელდება, შესაბამის ქვეყანაში არსებული სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და შეისწავლის მთავრობის მიერ საჯარო ფინანსების მართვის სისტემას, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, საბიუჯეტო პროცესში მხარეთა ჩართულობისა და ბიუჯეტის მართვაზე ზედამხედველობის მიმართულებით. "აღნიშნულ რეიტინგში ინდექსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგს წარმოადგენს, რომლის ერთი-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალე მართვაა. მთავრობა აგრძელებს მუშაობას საჯარო ფინანსების მართვის რეფორმაზე, მათ შორის საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მხრიდან მეტი ჩართულობის მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.