მებაჟე ოფიცრებმა აკრძალული მედიკამენტების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

მებაჟე ოფიცრებმა აკრძალული მედიკამენტების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტები 8 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე "სარფი" და "ვალე" გამოვლინდა. კერძოდ, "სარფში" მათ საქართველოს მოქალაქე ვ.შ.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად 55 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების (PREGABALINE 75მგ) შემცველობის მედიკამენტი LYRICA აღმოაჩინეს, ხოლო "ვალეში", თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.უ.-ის კუთვნილ ხელბარგში - 17 აბი სამედიცინო პრეპარატი TRADONAL, რომელიც ნარკოტიკულ საშუალება TRAMADOL-ს შეიცავს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამისად, საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს განყოფილებას და შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.