რატომ გაძვირდა ხილი საქართველოში?

"ამ ზაფხულს ხილის ექსპორტმაც აზრი დაკარგა და იმპორტმაც"

ქართულ ბაზარზე ხილი, განსაკუთრებით ვაშლი, წელს ძალიან გაძვირდა. თუ შარშან ამ დროს საშუალო ხარისხის ვაშლს 1,00-1,50 ლარად შეიძენდით, წელს მისი ფასი უკვე 2,00-2,50 ლარია. საქსტატის მონაცემებით, 2013 წელთან შედარებით, საქართველოში გასულ წელს  229 ათასი ტონა ხილი აწარმოეს, რაც 2013 წლის მაჩვენებელზე (217,6 ათასი ტონა) 5,5%-ით მეტია. ჯერჯერობით არ ვიცით, როგორი იქნება წლევანდელი სტატისტიკა, თუმცა მოსავლის მიხედვით სერიოზულ წინსვლას არ უნდა ველოდეთ. მოგეხსენებათ, ხილის დიდი ნაწილი ქართლში მოდის, ქართლის სოფლების უმეტესობა კი, წელს დაისეტყვა. როგორც ფერმერმა კახა ბიჭიკაშვილმა გვითხრა, ვაშლის ბაღების დიდი ნაწილი სეტყვამ გაანადგურა.

"წელს ბაღები სულ დაისეტყვა. მე მაგალითად, ათი ტონა ვაშლი გამიფუჭა სეტყვამ, რაც დარჩა, ნაკლები ხარისხისაა და ახლა 10 თეთრად უნდა ჩავაბარო, სხვა გზა არ არის. იმავე მდგომარეობაშია ყველა, ვისაც ვიცნობ. რაც ღირებული ხილი გვქონდა, სეტყვამ სულ გაგვინადგურა. სტიქიურ მოვლენას მხოლოდ ინტენსიური ბაღები გადაურჩა, რომელთა რაოდენობა არც ისე დიდია. გაყიდვაზე, ან სადმე გატანაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან წელს ვაშლი თითქმის არ გვაქვს, ქართლის სოფლების 90 პროცენტი დაისეტყვა. რა თქმა უნდა, სეტყვამ ვაშლიც დააზიანა და სხვა ხილიც", - აღნიშნა კახა ბიჭიკაშვილმა.

როგორც ფერმერები ამბობენ, პატარა ფირმები, რომლებიც ექსპორტით იყვნენ დაკავებული, იძულებლნი გახდნენ გაჩერებულიყვნენ. ხილი არ არის და სწორედ ამიტომ, ბაზარზე მისი ფასი ძალიან მაღალია.

"გლეხების უმრავლესობამ მოსავალი ვერ მოიწია და რა თქმა უნდა, ხილიც გაძვირდა. ამ ზარალის ანაზღაურება პრაქტიკულად შეუძლებელია. ახლა მხოლოდ ყურძნის მოსავლის იმედად ვართ, მაგრამ ჩვენი მთავარი შემოსავალი მაინც ვაშლი იყო. ვაშლის ბაღები განადგურებულია. დაზღვევამაც მოგვატყუა: მოსავლის განადგურების შემთხვევაში ჩემთვის მაგალითად, 97 ათასი ლარი უნდა მოეცათ და ახლა 7 ათასს მთავაზობენ. ამაზეც უარი ვთქვი.   ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სოფლის მეურნეობა ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს.

შექმნილმა სიტუაციამ ექსპორტზეც უარყოფითად იმოქმედა, თუ ადრე გლეხებიც ცდილობდნენ თავიანთი პროდუქცია რუსეთში, სომხეთში ან სხვა ქვეყანაში გაეტანათ, ახლა ამას ექსპორტიორებიც ვეღარ ახერხებენ", - ამბობს კახა ბიჭიკაშვილი.

ფერმერი ვასილ მაისურაძის თქმით, დოლარის გაძვირების გამო, პროდუქციის სხვა ქვეყნებში გატანას აზრი დაეკარგა.

"ხილი წელს ცოტაა და შესაბამისად, ძალიან მცირე რაოდენობით გაგვაქვს. რუსეთშიც ცოტა გადის. დოლარის გაძვირებამ ყველაზე მეტად დაგვაზარალა, პროდუქციის სხვა ქვეყანაში გატანას ხომ აზრი საერთოდ დაუკარგა. ამას დაერთო სეტყვა, რომელმაც ვაშლის ბაღები გაანადგურაა, ამის გამო მოსავალი პრაქტიკულად არ აგვიღია. ამიტომაც არის ბაზარზე ხილის ფასი ძალიან მაღალი. რაც შეეხება საბითუმო ფასებს, შედარებით ნაკლები ხარისხის ვაშლი 50 თეთრი ღირს, ხოლო უკეთესის ფასი 1,50 ლარი და მეტია", - აღნიშნა ვასილ მაისურაძემ.

ექსპორტიორთა პრობლემებზე გვესაუბრა შპს "შმაგის" დირექტორი მანანა გელაძეც:

- ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს. ლარის გაუფასურებამ ხილის ექსპორტს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. სხვათა შორის, მარტო ექსპორტი კი არა, იმპორტიც შეფერხდა. პროდუქციის გატანაც გვიჭირს და შემოტანაც. გასულ წლებში ხილის იმპორტზეც კარგად ვმუშაობდით: პროდუქცია შემოგვქონდა აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან, მოლდოვადან, ახლა კი, მთელი ზაფხულის განმავლობაში არ გვიმუშავია, გაჩერებული ვიყავით. დავუშვათ, ვაშლი სეტყვამ გაანადგურა, ატამი ხომ იყო? მაგრამ იმანაც ვერ იმუშავა, მე საერთოდ გავჩერდი, მაგრამ ვინც მუშაობდა, იმათაც ვერ მიიღეს ისეთი მოგება, როგორიც შარშან ჰქონდათ.

მანანა გელაძის თქმით, იმპორტიორებს საზღვარზე არანირი დაბრკოლება არ ხვდებათ, მთავარი დაბრკოლება მათთვის ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა.

"არც საბაჟოზე და არც გამშვებ პუნქტებზე პრობლემები არ გვექმნება, მაგრამ დოლარის გაძვირების გამო პროდუქციის გატანამაც დაკარგა აზრი და შემოტანამაც. ჩვენი საქმიანობის შეფერხების მთავარი მიზეზი ლარის კურსის მერყეობა და დოლარის გაძვირებაა. ეს არის მთავარი მტერი ჩვენთვის - იმპორტიორებისა და ექსპორტიორებისთვის. შარშან ხილი გაგვქონდა რუსეთში, ყაზახეთში, სომხეთში... წელს, გაზაფხულზე ვცადეთ მუშაობის დაწყება _ შემოდგომის ვაშლი გავიტანეთ სომხეთში, მერე კი გავჩერდით იმიტომ, რომ ძალიან დიდი ვალები დაგვედო. მოკლედ რომ ვთქვა, ამ ზაფხულს ხილის ექსპორტმაც აზრი დაკარგა და იმპორტმაც", - აღნიშნა მანანა გელაძემ.

ხათუნა ჩიგოგიძე