ანტალიაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების გამომგზავრების დრო უცნობია

ავიაკომპანია "აირზენას" რეისი ანტალიაში ხვალ განხორციელდება, თუმცა უცნობია, მოხერხდება თუ არა ტურისტული კომპანია Alltours -ის მგზავრების ჩამოყვანა, - ამის შესახებ ავიაკომპანიაში განაცხადეს.

როგორც "აირზენაში" აღნიშნავენ, რეისი ხვალამდე არ შესრულდება. რაც შეეხება საკითხს, მოხერხდება თუ არა ხვალინდელი რეისით ანტალიაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა, კომპანიაში აცხადებენ, რომ ამისთვის ცენტრალურ ოფისს უნდა მივმართოთ, თუმცა ცენტრალურ ოფისში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ასევე, ვერ ხერხდება დაკავშირება კომპანია Alltours-თან.

ტურისტული კომპანია Alltours-ის მიერ თურქეთში, საკურორტო ქალაქ ანტალიაში დასასვენებლად გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეები უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ.  მგზავრები აცხადებენ, რომ როდესაც მათი დაბრუნების დრო მოვიდა, ანტალიაში უკან გამოსამგზავრებელი თვითმფრინავი არ დახვდათ.  მათივე განმარტებით, მიზეზად ის დაუსახელეს, რომ კომპანია Alltours-მა "აირზენას" არ გადაურიცხა თანხა და შესაბამისად თვითმფრინავიც არ გაფრინდა მათ წამოსაყვანად. "ტურისტულ კომპანიაში ტელეფონს არ პასუხობენ. უპატრონოდ მიტოვებული ტურისტები ამაოდ ცდილობენ ინფორმაციის მიღებას. მათ ღამეების გათენება უწევთ ქუჩაში და გაპარტახებულ ბინძურ სასტუმროებში. სანამ კომპანია ზარებს პასუხობდა, კლიენტებს აძლევდა ყალბ იმედს, რომ თვითმფრინავი მალე გამოფრინდებოდა", - აცხადებენ მგზავრები.

ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, მაია მჭედლიშვილი დილით, "იმედთან" სატელეფონო საუბარში პრობლემას ადასტურებდა.  "კი, რეალურად არის იქ ფინანსური პრობლემა. რეისზე დავალიანება არის დარჩენილი და ამ დავალიანების გამო ავიაკომპანია არ ასრულებს რეისს", -განაცხადა მაია მჭედლიშვილმა, რომელიც აცხადებდა, რომ თვითმფრინავი ანტალიაში დღეს, 14:00 საათზე გაფრინდებოდა.