ჩინეთის პრემიერი იმედოვნებს, რომ საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს მალე დაიწყებენ

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი, ლი კეციანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს მალე დაიწყებენ. ამის შესახებ ჩინური გამოცემა Chinadaily იტყობინება.

ლი კეციანმა გუშინ საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა. შეხვედრისას ჩინეთის პრემიერმა განაცხადა, რომ პეკინსა და საქართველოს ურთიერთპატივისცემა და თანასწორუფლებიანი პარტნიორობა აკავშირებს. მისივე თქმით, ჩინეთი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ განვითარების გზას, რომელიც მორგებულია ქვეყნის სპეციფიკურ პირობებზე. ამასთან, ლი კეციანის თქმით, პეკინი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც კონცენტრირებულია სოციალური განვითარების ხელშეწყობაზე, და მზად არის დახმარებისთვის, რათა გაიზარდოს საქართველოს როლი საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებში. გარდა ამისა, ლი კეციანმა იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის მოქალაქეთა შორის კონტაქტი კიდევ უფრო გაღრმავდება.

თავის მხრივ, Chinadaily-ის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს აკავშირებს ტრადიციული მეგობრობა, ხოლო ჩინეთთან ურთიერთობა წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს. "საქართველო მზად არის, გაააქტიუროს მაღალი დონის ვიზიტები და გააღრმავოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო მიესალმება ჩინურ ინვესტიციებს და მზად არის, შეასრულოს სანდო პარტნიორის, საინვესტიციო ცენტრისა და ხიდის როლი ჩინეთის პროდუქციისთვის ევროპის ბაზარზე გასატანად.