ბათუმში "ალი და ნინოს" ქანდაკება გაიხსნა

ბათუმში "ალი და ნინოს" ქანდაკება გაიხსნა.სკულპტურის ადგილმონაცვლეობის დროს დაზიანებული ნინოს ნაწილიც სრულად აღდგენილია. ქანდაკება ძველი ადგილიდან 50 მეტრში "ეშმაკის ბორბლის" მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. გახსნის ცერემონიას ძეგლის ავტორი, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე თამარ კვესიტაძე დაესწრო. მან ძეგლის ადგილმონაცვლეობის დროს შექმნილი პრობლემის შესახებაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისთვის სასიამოვნო იყო გულშემატკივრების გამოხმაურება: "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქანდაკების განთავსება დასრულდა, რაშიც ეჭვი არ მეპარებოდა. სასიამოვნო იყო, რომ გავიგე ამდენი გულშემატკივარი ჰყავდა ნამუშევარს. რაც შეეხება ადგილს, მგონი კარგი ადგილია, ერთადერთი, რაც არა მგონია მხოლოდ ჩემი აზრი იყოს, ეშმაკის ბორბლის გვერდით ქანდაკებას ვერ გაიგებ, ესეც ატრაქციონია თუ არა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოდესმე ან ეშმაკის ბორბალი შეიცვლის ადგილს ან ქანდაკება", - აღნიშნა თამარ კვესიტაძემ.

რკინის კონსტრუქციის ახალ ტერიტორიაზე გადატანის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქანდაკების საყრდენი ფილის ირგვლივ მინის გამჭვირვალე მოაჯირი მოეწყო, მთლიანი კვარცხლბეკი გრანიტის ფილებით მოპირკეთდა და ირგვლივ ხის ძელსკამები დამონტაჟდა. მოძრავი რკინის ქანდაკებამ სატესტო ეტაპი წარმატებით გაიარა და დღეიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

თამარ კვესიტაძის ნამუშევრის ადგილმონაცვლეობისთვის ბიუჯეტიდან 185 550 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "არნაბი 21" ასრულებდა.