BOSCH-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით "BOSCH"- ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, ი/მ "იური ჩახვაშვილი" სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც ე.წ. ,,ელიავას ბაზრობაზე" ავტომანქანის აკუმულატორებით ვაჭრობდა, იაფფასიან პროდუქციაზე, უკანონოდ, სისტემატურად კუსტარულად ათავსებდა "BOSCH"- ის სასაქონლო ნიშნებს და შემდგომ ყალბ საქონელს ასაღებდა, როგორც "BOSCH"- ის ორიგინალ პროდუქციას.

"გამოძიების მიერ ამოღებულია "BOSCH"-ის სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული დიდი ოდენობით პროდუქცია და გამოუყენებელი ეტიკეტები. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით", - აცხადებენ უწყებაში.