„ბიბისი“ საქართველოში ტურისტების სიმრავლეზე წერს

მიუხედავად რეგიონში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა, საქართველოში ტურისტების სიმრავლე მეზობელი ქვეყნებიდან გასულ წელთან შედარებით გაიზარდა.ამის შესახებ „ბიბისი“-ზე გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოში ტურისტების კლება შეინიშნებოდა, თუმცა, ვითარება ზაფხულის პერიოდში გამოსწორდა.

საქართველოში წელს ტურისტების დიდი რაოდენობა ევროპიდან, ასევე არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და დსთ-ს ქვეყნებიდან ჩავიდა, მაგრამ ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, კერძოდ კი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ასევე თურქეთიდან სტუმრობდა.  „კურორტების სიახლოვე და ენის ბარიერის ნაკლებობა საქართველოს მიმზიდველს ხდის მეზობელი ქვეყნების ტურისტებისთვის“ , - წერია „ბიბისი“-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.