100 000 ცარიელი კარავი- რატომ არ იფარებს საუდის არაბეთი ლტოლვილებს?

საუდის არაბეთის ქალაქ მექაში ე.წ კონდინციონერებით აღჭურვილი 100 000 კარავია გაშლილი, რომელიც სამ მილიონ ადამიანს იტევს. მიუხედავად ამ რესურსისა საუდის არაბეთს დღემდე არცერთი აფრიკელი და აზიელი ლტოლვილი არ შეუფარებია, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნები მიგრაციის სერიოზული კრიზისის წინაშე დგანან. ათობით ათასი კარავი მექაში მდებარე დასახლება მინაში 20 კილომეტრის სიგრძეზეა გაშლილი. მას მხოლოდ 5 დღის განმავლობაში მუსლიმანთა პილიგრიმობის - ჰაჯის დროს იყენებენ, როდესაც საუდის არაბეთში ათასობით მომლოცველი ჩადის.

კარვები, რომელთა სიგრძე და სიგანე 8-8 მეტრია, საუდის არაბეთის მთავრობის ინიციატივით 1990-იან წლებში გაშალეს. 1997 წელს კი მათი განახლება მოხდა. კარვების ტერიტორია ბანაკებადაა დაყოფილი. თითოეული ბანაკი აღჭურვილია სამზარეულოთი და სააბაზანოთი. კარვებს ყველა სირიელი ლტოლვილის შეფარების რესურსი აქვს.

WASHINGTON POST-ის ცნობით, მიუხედავად რესურსებისა, სპარსეთის ყურის არცერთ ქვეყანას, არც საუდის არაბეთს, არც ყატარს, კუვეითსა და სხვებს, არცერთი სირიელი ლტოლვილი არ შეუფარებია. თუმცა, საუდის არაბეთის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანამ 2011 წლის შემდეგ 500 000 სირიელი მიიღო. უფლებადამცველების თქმით, კი მათ მიგრანტებად დარეგისტრირების უფლებას დღემდე არ აძლევენ.

შედარებისთვის, ლიბანმა უკვე შეიფარა 1,3 მილიონი ლტოლვილი, რაც ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედზე მეტია.